თბილისის მერი საბინაო ფონდის არსებობის აუცილებლობას ხედავს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით ის ადამიანები და ოჯახები დაკმაყოფილდებიან, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვთ. როგორც კალაძემ დღეს საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ამისათვის საბინაო ფონდის არსებობაა აუცილებელი.

„ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც რეალურად დაიწყო ზრუნვა სოციალურად დაუცველ, გაუბედურებულ ოჯახებზე. დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა. ძალიან კარგი იქნებოდა, წინა წლებში ამისთვის ყურადღება მიექციათ. მაშინ რომ ეს ნაბიჯები გადადგმულიყო, დღეს ქალაქში მსგავსი პრობლემა აღარ გვექნებოდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. როდესაც კოეფიციენტების მატება იყო შესაძლებელი, ყველა ასეთ პროექტზე კომპანიები დავავალდებულეთ, რომ იმ კოეფიციენტის მატების შემთხვევაში, რა მოთხოვნაც იყო და ურბანულად პრობლემას არ წარმოადგენდა, აშენებული ფართებიდან 10% დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადმოეცემათ. მომდევნო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გვექნება, რომელსაც იმ ადამიანებსა და ოჯახებზე გადავანაწილებთ, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს. ამ ყველაფერს ექნება თავისი წესები და ვინმეს არ ეგონოს, რომ ფართების გასხვისება თვალდახუჭულად მოხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის საკრებულო დღეს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. გარდა ამისა, დედაქალაქის საკრებულო იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები