გიორგი ჩაკვეტაძე: „მუნიციპალიტეტი ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებს 2021 წელსაც ღირსეულად უპასუხებს“

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დედაქალაქის თითოეულ გამოწვევას პასუხობს. განცხადება ამის შესახებ მან  საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, რომელზეც  დედაქალაქის მერის  წლის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინეს და მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პანდემიის ფონზე, მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში უამრავი გამოწვევა შეიქმნა და, მიუხედავად ამისა, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დედაქალაქის თითოეულ გამოწვევას პასუხობს.

„მინდა, ამ შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოხალისეს, რომელიც ვირუსის გავრცელების ფონზე საზოგადოებისა და სახელმწიფოს გვერდით დგას. ყოველ დილით ეს ადამიანები საზოგადოების სამსახურში მიდიან და გაჭირვებულ ჯგუფებს  უდგანან გვერდით“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, მილიარდ 50 მილიონი ლარი ჩვენი თანაქალაქელების უკეთეს ხვალინდელ დღეს მოხმარდება. ეს დოკუმენტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29 მილიონი ლარით მეტია.

გიორგი ჩაკვეტაძე აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი უპასუხებს საარჩევნო პროგრამის შვიდივე პრიორიტეტს და პანდემიის ფონზე სხვადასხვა სექტორს დაეხმარება.

„სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. შედეგები შთამბეჭდავია. დავიწყეთ 2 მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სპორტულ დარბაზებს, თბილისის სხვადასხვა რაიონში სპორტული და ახალგაზრდული სივრცეები გავხსენით. მერიის მხარდაჭერით სარგებლობენ მწვრთნელები, წარმატებული სპორტსმენები და პარასპორტი. კოვიდის მიუხედავად, მერიის ააიპებში დასაქმებული არცერთი ადამიანი შემოსავლის გარეშე არ დარჩენილა“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მისივე განმარტებით, 2021 წლის ბიუჯეტი ამ მიმართულებით დაწყებულ და დაგეგმილ პროექტებს მნიშვნელოვნად განავითარებს.

„საქალაქო სამსახურის 29 მილიონი ლარი და გამგეობების რესურსი ამ კუთხით გადამწყვეტია. 2021 წლის შემოდგომისთვის დიდ დიღომსა და ვარკეთილში გაიხსნება მულტიფუნქციური დარბაზები, სექტორის მხარდაჭერის თითოეული პროგრამა სრულფასოვნად გაგრძელდება და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება კიდევ უფრო გამარტივდება. ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი, რომელიც მერიამ შეიძინა არის კოჯრის ახალგაზრდული სოფელი. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ საჯარო-კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში ახალგაზრდული სოფელი რეგიონის ცენტრად ჩამოყალიბდება. მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება.

დარწმუნებული ვარ, ამ ბიუჯეტის მიღებით ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო განვითარდება და მუნიციპალიტეტი ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებს 2021 წელსაც ღირსეულად უპასუხებს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები