შალვა პაპუაშვილი: მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა სოციალურ ყოფასა და უმუშევრობას უკავშირდება და ამის დაძლევის ერთადერთი გზა არის ცოდნაზე, მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწრაფი ეკონომიკური განვითარება
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” ფორმატში პრემიერმინისტრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენისას პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემაზე სოციალურ ყოფასა და უმუშევრობაზე, რომლის დაძლევის ერთადერთი გზა სწრაფი ეკონომიკური განვითარებაა, რაც თავის მხრივ ითხოვს, რომ განვითარდეს ცოდნაზე, მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და განათლებატევადი დარგები. ეს კი დიდ დროსა და თანხებს მოითხოვს.
მისი კითხვებიც სწორედ ამ საკითხებს შეეხებოდა.
კერძოდ, შალვა პაპუაშვილი დაინტერესდა, მომავალ მთავრობის კაბინეტს აქვს თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა ამ მიმართულებით.
„როგორ ფიქრობთ, წინ წასვლასა და რეფორმების გატარებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იქნება ეს უცხოური კაპიტალის მოზიდვით, იქნება ევროკავშირის ჩართულობით, პრიორიტეტული დარგების განვითარებით? ასევე, ამ კონტექსტის გათვალისწინებით რა არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც უნდა არსებობდეს ოთხი წლის თავზე რაც თქვენ პირადად და თქვენს გუნდს მისცემს საშუალებას, თქვას, რომ თქვენი საქმიანობა ამ მიმართულებით წარმატებული იყო?”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.