მამუკა მდინარაძე – ელისო ბოლქვაძის განცხადებაზე: თუ სასაცილო ამბავი გგონიათ, როცა მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული პიანისტი პიანინოზე დაკვრაზე საუბრობს, მე ასე არ ვარ
“დიდი სიამოვნებით მივიღებდი მოცემულობას, რომ პარლამენტში ბავშვებს, შშმ პირებს თავისი პროფესიის პოზიტიურად გამოყენებით პარლამენტის წევრი გაუმასპინძლდეს”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კოლეგის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივას პარლამენტში ფორტეპიანოს შეძენის თაობაზე.
მისივე თქმით, პარტიულმა სააგენტოებმა ვითომ დამცინავი და ძალიან ამაზრზენი პოსტებისგან თავი უნდა შეიკავონ.
„პარლამენტში რიგი ღონისძიებები იმართება. მაგალითად, ბავშვებს ვმასპინძლობთ ხოლმე ხშირად. მოგვიწვევია და გარკვეული ანაზღაურება დამჯდარა, როცა კარგ პიანისტს იწვევ. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მოცემულობას, რომ ბავშვებს, შშმ პირებს თავისი პროფესიის ასე პოზიტიურად გამოყენებით პარლამენტის წევრი გაუმასპინძლდეს. თუ თქვენ ძალიან სასაცილო ამბავი გგონიათ, როცა მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული პიანისტი პიანინოზე დაკვრაზე საუბრობს, მე ასე არ ვარ. ცოტა ადამიანური მომენტებიც რომ დავიტოვთ, „ფეისბუქზე“ პარტიულმა სააგენტოებმა ვითომ დამცინავი და ძალიან ამაზრზენი პოსტები არ მიუძღვნან, კარგი იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.