თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საკადრო საკითხები განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის წევრებს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძის კანდიდატურა წარუდგინა. ფრაქცია „ქართული ოცნების” სახელით კი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარედგინა.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირეს მხარი და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს კომიტეტის დებულების დამტკიცებას.

კომიტეტის წევრებს ახალი მოწვევის პარლამენტში შეკრება კომიტეტის თავმჯდომარემ მიულოცა და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც კომიტეტის პრიორიტეტებს წარმოადგენს.

„დღეს არის კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა. მინდა მოგილოცოთ პარლამენტის წევრობა და ის დიდი ნდობა, რომელიც ჩვენს გუნდს საქართველოს მოქალაქეებმა გამოუცხადეს. მინდა წარმატებები გისურვოთ და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას იმ ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაში, რომელიც ჩვენ საქართველოს მოსახლეობას დავპირდით. ამ დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებას, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას და კომიტეტის საქმიანობა სწორედ ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები