გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად ხატია წილოსანი და გოგი მეშველიანი აირჩიეს
მეათე მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველ სხდომა ჩატარდა.
კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტის დებულება ყველა იმ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რაც კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება იმ თემებზეც გაამახვილა, რომლებზეც კომიტეტი გარემოსდაცვითი მიმართულებით იმუშავებს.
„ძირითადი მიმართულებები, რაზეც აქტიურად იმუშავებს კომიტეტი ეს არის მსხვილი საწარმოების კონტროლი და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც ევროკაშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს და, რა თქმა უნდა ისე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს. მეორე -ეს არის ბიომრავალფეროვნების დაცვა იმგვარად, რომ რეკრეაციული ტერიტორიების ტურისტული მიზნით ათვისებას და ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი. კომიტეტი აქტიურმუშაობას განაგრძობს ორ ახალ მიმართულებაზე, რაც ქართული ოცნების პროგრამის მთავარი მიმართულებაა – ეს არის გარემოსდაცვითი ურბანული და სატრანსპორტო საკითხების მეტი ინტეგრაცია საკანონმდებლო დონეზე, ქალაქებში გარემოსდაცვითი საკითხების გაძლიერება. მეოთხე მნიშვნელოვანი თემა კი არის ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, რაც ახალი, თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მთელი განვითარებული მსოფლიოსთვის, საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლებრივი და ამ კუთხით მუშაობას აქტიურად შევუდგებით”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
სხდომის დღის წესრიგით ასევე განსაზღვრული იყო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, არჩეულ იქნა ხატია წილოსანი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან” – გოგი მეშველიანი.