იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ვახტანგ მჭედლიშვილი დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთაგან ერთი კანდიდატი შეარჩია. გიორგი მარგველაშვილმა ვაკანტურ თანამდებობაზე ვახტანგ მჭედლიშვილი დანიშნა, რომელიც წარდგენილი იყო ორგანიზაციის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ მიერ. პროფესიით იურისტი სხვადასხვა წლებში მუშაობდა იუსტიციის საბჭოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ასევე მუშაობდა კანონშემოქმედებითი მიმართულებით. მის მიერ მომზადებული საკანონმდებლონოვაციები დღემდე არის რეგლამენტირებული საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ინსტიტუტი, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულიაქტების პაკეტი და ა.შ. 2013 წელს დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ. ამჟამად, არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. სამეცნიერო სტაჟირებები ვახტანგ მჭედლიშვილს გავლილი აქვს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (FU) და ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ). საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 დეკემბრის N30/12/01 განკარგულებით გამოცხადდა. კონკურსში 14 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.