„ყარაბაღის პრეცედენტის შემდეგ, სეპარატისტული რეჟიმების ლიდერები შეშფოთდნენ და პატრონებს მიაკითხეს” – ზაალ კასრელიშვილი
“ყარაბაღის პრეცედენტის შემდეგ, სეპარატისტული რეჟიმების ლიდერები შეშფოთდნენ და პატრონებს მიაკითხეს”, – ამის შესახებ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
“კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე ასლან ბჟანიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვითი უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა ნომერ პირველი ამოცანა ხდება“.
„მას შემდეგ, რაც ყარაბაღი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა, სავსებით ბუნებრივი პროცესია, რომ სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს პრობლემები შეექმნათ. დაკონსერვებული კონფლიქტების, ე.წ. დნესტრისპირეთის, ყირიმის, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრორუსული ორიენტაციის ლიდერები, რა თქმა უნდა, შეშფოთდნენ და პატრონებს მიაკითხეს. სავსებით ბუნებრივია მათი დამოკიდებულება ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ. 30 წლის მანძილზე პირველად, აზერბაიჯანს შესაძლებლობა მიეცა, ძალის დემონსტრირებით დაებრუნებინა ტერიტორიები ისე, რომ მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანლობის შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერთან იყო პირდაპირი გზავნილი როგორც სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებისთვის, ასევე – საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომ რუსეთის ინტერესში ისევ შედის აფხაზეთი და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელმძღვანლობას, ასევე, ცხინვალის, ყირიმისა და დნესტრისპირეთის ე.წ. ლიდერებს არ უნდა ჰქონდეთ იმის შიში, რომ რუსეთი მათ მიატოვებს. სამხედრო თანამშრომლობასა და უსაფრთხოებაზე ეს ერთობლივი შეთანხმება ამის დასტურია. თუმცა, ამ საქმეში ჩვენ ახალსა და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ. რა სამხედრო თანამშრომლობასა და ერთიანი უსაფრთხოების სისტემაზეა საუბარი? რამდენიმე სამხედრო დანაყოფი დგას აფხაზეთსა და ცხინვალში, იქ რუსული ბაზებია. რად უნდა რუსეთს ახლის, რაღაც განსაკუთრებულის შექმნა? არც ხელშეკრულება სჭირდება მაგას. ეს სოლიდარობისა და ინტერესის დემონსტრირება იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც არ უშველის რუსულ-აფხაზურ ურთიერთობას. პროცესი დაიძრა. პრეცედენტი არსებობს იმისა, რომ სახელმწიფოს შეუძლია, თავის ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს ძალით, კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს თავის კუთვნილ ტერიტორიაზე. მით უმეტეს, 1918 და 1990 წლების საერთაშორისო კონვენციებით, აფხაზეთიც და ცხინვალიც ჩვენს ტერიტორიებადაა აღიარებული.
საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო მხარდამჭერების მედიატორობით მუშაობა უნდა გააქტიუროს. აფხაზეთის, ცხინვალის თემები უნდა აწიოს. საქართველოში პოლიტიკური კინკლაობა უნდა დამთავრდეს. რადგან პრეცედენტი არსებობს, ჩვენ უნდა დავიწყოთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლობამაც უნდა იგრძნოს, რომ საერთაშორისო სამართალი უფრო მაღლა დგას, უფრო დიდია, ვიდრე – რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანლობის ინტერესები კავკასიის რეგიონში. ეს რომ ასეა, ყარაბაღის მაგალითით დავრწმუნდით“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრა სოჭში 12 ნოემბერს გაიმართა.
რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა უპირველესი ამოცანა ხდება.
„მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ მსოფლიო უფრო ჰუმანური არ გამხდარა და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წინა პლანზე რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ჩვენ მასთან სამშვიდობო შეთანხმება არ გვაქვს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების საკითხიც განვიხილეთ. რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვითი უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა ნომერ პირველი ამოცანა ხდება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.