ბაკურიანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში სრულდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ალადაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,  „საქმიანი ეზო“  დაბა ბაკურიანში  გახსნა,  რომელიც დაახლოებით 33 სოფელს მოემსახურება.

“ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში გაუადვილებს.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 17 ობიექტზე.  წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26  „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსი, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები