ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ყველა მოკავშირე მზად არის, საქართველოს პრაქტიკული დახმარება გაუწიოს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს მინისტრების შეხვედრაზე შემოგვიერთდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, არის ნატო-ს ყველა მოკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერის დემონსტრირება. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ საქართველოს ვუწევთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რასაც ვაკეთებთ არსებითი პაკეტის გაძლიერებით, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს თანამშრომლობას. როგორც იცით, ნატო-ს აქვს ტრენინგ ცენტრი თბილისის შემოგარენში. მე თავადაც არაერთხელ ვეწვიე თბილისს და ჩემი თვალით ვნახე, თუ როგორ მუშაობენ ნატო-ს ქვეყნების წარმომადგენელი ტრენერები ქართველ სამხედროებთან. უფრო ადრე წელს ჩვენ გავაძლიერეთ საქართველოს მხარდაჭერა და ეს მოხდა ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერების გზით, როგორიცაა საჰაერო მიმოსვლის შესახებ რადარები ინფორმაციის უფრო მეტი გაცვლა, ერთად ვმუშაობთ ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ასევე ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს შავ ზღვის რეგიონში და მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, დღეს ყველა მოკავშირემ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, იპოვონ გზები, რათა უფრო მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ საქართვლოს.
„ნატო-ს სამომავლო სტრატეგიის ნაწილი ასევე არის იმ გზების გამონახვა, თუ როგორ შეუძლია ნატო-ს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. ეს არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.