ამირან გამყრელიძე: თუ იცით, ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი, დაურეკეთ პირდაპირ მას, არ არის აუცილებელი “112”-ის მეშვეობით დაკავშირება
“პაციენტისთვის ექიმთან საუბარს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამის შესხებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდსიტუაციის მართვაში ოჯახის ექიმებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„თქვენ კარგად წარმოგიდგენიათ, თუ რას ნიშნავს ექიმის ზარი პაციენტთან. ჩემი სლოგანი იყო – თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ იცოდეს თავისი ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონი. არ არის აუცილებელი, “112”-ის მეშვეობით, შემოვლით, დავუკავშირდეთ მას, თუ იცით ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი, აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ პირდაპირ მას, გაესაუბრეთ.
პაციენტისთვის ექიმთან საუბარს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დასამშვიდებლად მნიშვნელოვანია. თითქმის, განკურნებისა და ვირუსის მართვის დიდი პროცენტი საუბარზე მოდის. აქედან გამომდინარე, ეპიდემიის მართვის მიმართულებით, დღეს, მთავარი ღერძი ოჯახის ექიმებზე გადის.
დაახლოებით, 1200-მდე სოფლის ოჯახის ექიმი გვყავს და ასევე, 2000-მდე პოლიკლინიკაში მომუშავე ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.