ირაკლი ღარიბაშვილი ჰერმან ვან რომპეის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებაზე, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოეწეროს ხელი. მხარეებმა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ამ მხრივ ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი უახლოეს მომავალში თბილისს ეწვევა. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტს მომავალი თვის ბოლოს გეგმავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტისთვის და ხაზგასმით დააფიქსირა ევროკავშირის პრინციპული პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისადმი. მანვე შეშფოთება გამოხატა მავთულხლართების გავლების პროცესის გამო. რომპუიმ საქართველოს მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებაზე, რასაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოეწეროს ხელი. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე ნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. მან ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის როლი ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია.