ამირან გამყრელიძე: ბოლო 24 საათის განმავლობაში 120 სამედიცინო პერსონალი გვყავდა დამატებით ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში სამედიცინო პერსონალის 120 წარმომადგენელი დაინფიცირდა.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს კორონავირუსზე გეგმური ტესტირება უტარდებათ.

„ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება სერიოზულია, მათ შორის არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი. დღეს ბოლო 24 საათის განმავლობაში 120 სამედიცინო პერსონალი გვყავდა დამატებით ინფიცირებული. აქ იგულისხმება ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი.

ინფექციის დაწყებიდან სრულად ქვეყანაში 4 000-მდე სამედიცინო პერსონალი გვყავს ინფიცირებული. რა თქმა უნდა, უმრავლესობა გამოჯანმრთელდა, დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს, მაგრამ პერიოდულად, ისინი ინფიცირდებიან. მოგეხსენებათ, მედიცინაში გამორიცხული არაფერია. ამიტომ არის, რომ ჩვენ ზოგადად, ექიმებს და სამედიცინო პერსონალს ვტესტავთ ორ კვირაში ერთხელ, კოვიდკლინიკების სამედიცინო პერსონალს შვიდ დღეში ერთხელ, ისევე როგორც რეანიმაციასა და ინტენსიურ თერაპიაში მომუშავე ექიმებს და სასწრაფო სამედიცინო პერსონალს ვტესტავთ 72 საათში ერთხელ, რათა თუ არის ინფიცირება, სწრაფად მოვახდინოთ ამ სამედიცინო პერსონალის იზოლირება, რომ ინფექცია შემდგომი გადადების წყარო არ გახდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები