პირველი ქალი პატიმარი, რომელიც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაიქცა
იანინა ნოვაკი, პოლონელი. დაბადებული 1917 წლის 19 აგვისტოს. აუშვიცის ბანაკში გადაასახლეს 1952 წლის 17 ივნისს და მიანიჭეს პატიმრის ნომერი – 7615. ის იყო პირველი ქალი პატიმარი, რომელიც აუშვიციდან გაიქცა.
1942 წლის 24 ივნისს იანინა ნოვაკი გამოიქცა 200 პოლონელი ქალისგან დაკომპლექტებული ჯგუფიდან, რომელიც მდინარე სოლას ნაპირებთან მუშაობდა და თივას აშრობდა. მას შემდეგ, რაც მისი გაქცევის შესახებ შეიტყვეს, შუცშტაფელის ჯარისკაცები მას გამოედევნენ, თუმცა უშედეგოდ. გაბრაზებულმა ჯარისკაცებმა სხვა პატიმარი ქალები ბანაკში დააბრუნეს და ჯგუფის წევრების დაკითხვა დაიწყეს იმ მიზნით, რომ იანინას გაქცევის დეტალებზე რაიმე ინფორმაცია მოეპოვებინათ. თავის მხრივ, პატიმრები ჯარისკაცებს კითხვებზე პასუხს არ სცემდნენ და თავისუფლებამოპოვებული იანინას დაჭერაში არ ეხმარებოდნენ. განრისხებულმა ოფიცრებმა, რომელბმაც ვერ იანინას დაკავება შეძლეს და ვერც კითხვებზე პასუხის მიღება, ქალებს აიძულეს, თმები მოკლედ შეეჭრათ (ბანაკში თმებს მანამდე მოკლედ მხოლოდ ებრაელებს ჭრიდნენ).
მომდევნო დღეს იანინას ჯგუფის წევრებს ახალი სადამსჯელო განაჩენი გამოუტანეს და აუშვიცის ერთ-ერთ ქვებანაკში გაუშვეს, რომელიც მთავარი ბანაკიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ბანაკის საცხოვრებელი სივრცე ყოფილი სკოლის შენობა იყო, პატარა სათავსოებით, სამზარეულოთი და ხის ბარაკებით. ყველგან ეკლიანი მავთულები იყო გავლებული. ქალები უკიდურესად მძიმე პირობებში მუშაობდნენ ახლომდებარე გუბურების დასუფთავებასა და ლერწმის ჭრაზე. ამ და სხვა სამუშაოებით წყალობით, გერმანელებს სურდათ, აუშვიცი სოფლის მეურნეობის კვლევის ცენტრად გადაექციათ.
რაც შეეხება უშუალოდ იანინა ნოვაკს, აუშვიციდან გაქცევის შემდეგ, მან მოახერხა და პოლონურ ქალაქ ლოძს მიაღწია. 1943 წლის მარტამდე ის წარმატებით ემალებოდა ხელისუფლებას, თუმცა მაინც დააპატიმრეს. 8 მაისს იანინა კვლავ აუშვიცში დააბრუნეს და პატიმრის ახალი ნომერი – 31529 მიანიჭეს. იმ წელსვე იანინა რევენსბრუკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, საიდანაც 1945 წლის აპრილის ბოლოს გათავისუფლდა.
იანინა ნოვაკის გარდა, აუშვიციდან გაქცევა სხვადასხვა დროს 50-მა ქალმა სცადა.