ვლადიმერ ბერაძე – საბჭოთა სისტემის მორიგი მსხვერპლი

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი გახლდათ ვლადიმერ ივანეს ძე ბერაძე (ხოზიკა).


დაიბადა 1900 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფ. ვაზიანში. პირველადი განათლება მიიღო ბათუმში. 1926 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვში, სადაც 1931 წელს დაამთავრა ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. ამავე პერიოდში ოზურგეთში გაიხსნა ჩაის მეურნეობის სასწავლო ინსტიტუტი, რომლის დირექტორად, ასევე, ვლადიმერ ბერაძე დაინიშნა. შემდგომში მუშაობა გააგრძელა თბილისში, საზოგადოების – „საქართველოს ჩაი“ დირექტორის მოადგილედ საწარმოო დარგში. 1934 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ჰოლანდიასა და ინგლისში.

არანაკლებ წარმატებული იყო ვლადიმერ ბერაძის მოღვაწეობა ლიტერატურის დარგებში: ჟურნალისტიკის, დრამატურგიის, სატირის, იუმორის, პოლიტიკური ფელეტონების ჟანრში. მისი დრამატიული ნაწარმოები – „ხოჭოების დოღი“ წარმატებით იდგმებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. როგორც სატირისა და პოლიტიკური ფელეტონების ჟანრის მწერალმა, ვლადიმერ ბერაძემ ფსევდონიმად აირჩია „ხოზიკა“ (ბუჩქისმაგვარი მცენარის ეკლიანი ნაყოფი).

ვლადიმერ ბერაძე დააპატიმრეს 1938 წლის 6 აპრილს. შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის სხდომა ჩატარდა 1938 წლის 21 ივნისს, რომელზეც ვლადიმერ ბერაძეს ბრალად დასდეს, რომ იყო მემარჯვენე კონტრევოლუციური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ეწეოდა კონტრევოლუციურ ძირგამომთხრელ საქმიანობას, იბირებდა სხვებსაც, რომ უშუალო მონაწილეობას იღებდა საქართველოს კპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ბერიას წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტში.

ვლადიმერ ბერაძეს მიუსაჯეს დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1938 წლის 22 ივნისს.

1956 წლის 17 ივლისს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალის დადგენილებით, ვლადიმერ ბერაძე რეაბილიტირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები