ლადო აღნიაშვილი – კაცი, რომელმაც გადასახლებული ქართველების სანახავად მთელი ფერეიდანი შემოიარა
მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის დიდ ინტერესს იჩენდა ირანში მცხოვრები ქართველების მიმართ, მხოლოდ გამოჩენილმა ქართველმა პედაგოგმა, საზოგადო მოღვაწემ, ლინგვოდიდაქტიკოსმა, ლექსიკოგრაფმა, ეთნოგრაფმა, ფოლკროლისტმა და პუბლიცისტმა ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილმა გადაწყვიტა და მოახერხა საკუთარი სახსრებით გამგზავრებულიყო ამ შორეულ და საშიშროებით მოცულ გზაზე და 1894 წელს გაემგზავრა სპარსეთში, რათა გაცნობოდა შაჰ–აბაზის დროს ისპაჰანში გადასახლებულ ქართველთა ცხოვრებას.
იმ დროს ირანის ქალაქებს შორის კავშირი ქარავნებით ხორციელდებოდა. ლადო აღნიაშვილიც ქარავანთან ერთად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და დიდ სიძნელეებს, მაგრამ ბევრ საინტერესოს ხვდებოდა ამ მოგზაურობის დროს. ერთი სიტყვით, დიდის ვაივაგლახით აღნიაშვილმა მიაღწია “დომბექამარამდე”. ეს უკვე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ლადომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. დომბექამარს სპარსელები ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს თოლერს (თორელი) უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე დომბექამარია.
ლადომ წელიწადნახევარი დაჰყო ფერეიდანში. დაათვალიერა, შეისწავლა და აღწერა თითქმის ყველა სოფელი. ფერეიდნელებმა იგი დიდი სიყვარულითა და მეგობრობით მიიღეს, როგორც “დიდი საქართველოდან” (გურჯისტანიდან) წამოსული ქართველი. ლადოს განსაკუთრებულად დაუმეგობრდნენ სეიფოლა იოსელიანი, ყოლა–მირზა ხუციშვილი, ჰუსეინ ონიკაშვილი, აღაჯან–ბეგ ხუციშვილი, მადუსენა ყალაბეგიშვილი და სხვები, რომელთაც მას დახმარება სთხოვეს ქართული სკოლის გახსნაში.
“ქართული ენა მეტნაკლებად ყველა სოფელშია დაცული, როგორც შინაური სალაპარაკო ენა“. თავის წიგნში ლადოს ჩაწერილი აქვს ასეთი მოხდენილი ეპიზოდი… როცა მან სოფელ დომბექამარში (თორელში), ფერეიდნელებისთვის ჯერ კიდევ უცნობმა, ყანის პირად მიმავალმა ყური მოჰკრა მშვენიერ ქართულს, გლეხური კილოთი ლაპარაკს, გული აუჩქარდა, თავი ვეღარ შეიკავა, ცხენი შეაჩერა და ყური მიუგდო:
„- ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი.
– შენ რაით გინდა? შინ არი – უპასუხია მეორეს.
– როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში.
– ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე.
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში:
– ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ?
– ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი?
– მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად.
– იიი, გურჯი კი არა!
– ჰო, მართლა გეუბნები – მიუგო ლადომ.
– მაშ გურჯი ხარ? – თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს
ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო.
გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა:
– იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი.
– იი, გურჯი კი არა? – უპასუხა ბარიანმა.
მაგრამ, როდესაც ლადომ ქართულად დაუწყო ლაპარაკი, ისიც დარწმუნდა, გაექანა, ცხენს ფაფარში წაავლო ხელი და თან გაჰყვა ნელ-ნელა მიმავალ მხედარს. მათ გზაში ერთი კაცი შემოეყარათ. ფერეიდანელმა ბიჭებმა უთხრეს მას: – ბიჭო, იცი, ეს ჩვენი ძველიაო.
სოფლის ბოლოში ლადო გამოემშვიდობა მათ, აღუთქვა მალე შეხვედრა. აუხსნა, რომ გადაწყვეტილი აქვს ყველა ქართული სოფლის ნახვა და ამიტომ დროებით გტოვებთო, დომბექამარელმა ქართველებმა იგი გააცილეს სოფელ დაშქეშანისაკენ მიმავალ ნახევარ გზამდე და შემდეგ უკან გაბრუნდნენ გახარებულები. მათ ხომ თითქმის სამასი წლის განმავლობაში პირველად იხილეს თავიანთი თანამემამულე.
შესანიშნავად აგვიწერს ლადო აღნიაშვილი სოფელ მარტყოფში (ფერეიდუნ-შაჰრი) მისვლის ამბავს: “მარტყოფს, რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი: ერთმა სთქვა – ეს “საჰაბიაო” (ბატონი). მეორემ უთხრა, – “არა ეს ჩვენია, გურჯიაო”. – “არა, საჰაბიაო, ფარანგიაო” (უცხოელი). – არა ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაანში ზისო”. და როდესაც ეს პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ: “ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანაო!”
“სანამ შიგ სოფელში შევიდოდი აუარებელი ხალხი იყო ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა – აჰვალი (ჯანმრთელობა) როგორა გაქვს? – “სალამ!” – “ჩაღი (გუნება, ხასიათი) როგორა გაქვს”: მე ყველას თავს ვუკრავდი და მადლობას ვეუბნებოდი”.
ამგვარად, ლადო აღნიაშვილმა შემოიარა მთელი ფერეიდანი, სადაც კი ქართველები სახლობდნენ, გადაიღო მრავალი ფოტოსურათი, შეისწავლა სპარსული ენა, საქართველოში დაბრუნდა და 200 წლის შემდეგ საქართველოში ამბავი ჩამოიტანა: შაჰ-აბასის მიერ გარეკილი ჩვენი ძმები ცოცხლები არიან, არსებობენ და ყველაფერს ქართულს თვალისჩინივით უფრთხილდებიანო!
წყარო: ფოტო ამბები • Photo Stories