ავტომატზე მიწერილი ჰქონდა: „შუხურის” შემთხვევაში, ჩემთან დარეკეთ – გიზო ნიშნიანიძე თბილისურ მეგობრობაზე

ვინც თბილისს იცნობს, მან გიზო ნიშნიანიძეც იცის. ქართველი მწერალი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე დედაქალაქში, ვერის უბანში, ზემელზე დაიბადა. პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო. 80-იან წლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დადგა სპექტაკლი, დოკუმენტური პოემა – „პაემანი ვერაზე“, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 2010 წელს მან სპექტაკლი აღადგინა. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა. სამწუხაროდ, პოტი საჩხერეში სტუმრად ყოფნისას საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

გიზო ნიშნიაძის სახელს არაერთი საინტერესო და ლამაზი ძველთბილისური ისტორია უკავშირდება, რომელზეც პოეტი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას ჰყვებოდა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია გიზო ნიშნიანიძემ 2010 წელს გაზეთ „კვირის პალიტრას“ მოუყვა და საკუთარი ბავშვობა გაიხსენა – თუ რას ფიქრობდა თბილისურ მეგობრობაზე.


თბილისელობა მეგობრობასა და ერთმანეთის გატანაზე იყო დამყარებული. ამიტომაც, ახალგაზრდობაში, რუსთაველის გამზირზე ჩხუბისა და წაკინკლავების უფლებას არავინ მოგცემდა. სადაც კი ამის უფლება ჰქონდა 10-12 წლის ბიჭებს, რატომღაც “თინეიჯერები” რომ შეარქვით და ადრე არაჩვეულებრივი სიტყვა, “ყმაწვილი” ერქვათ, აფრთხილებდნენ, ჩხუბის დროს ცხვირში არ დაარტყა, თვალში არ დაარტყაო… რაღა რჩებოდა? – მხოლოდ სიყვარული.

თბილისელი ძველი ბიჭი იყო რეზო ბალავაძე – ერთ-ერთი პირველი ყოჩი. მუსკომედიის თეატრის წინ სატელეფონო ჯიხური იდგა. ავტომატზე მიწერილი ჰქონდა: „შუხურის” შემთხვევაში ჩემთან დარეკეთ“ და ნომერი ჰქონდა მითითებული. თუ დაურეკავდნენ, აუცილებლად მივიდოდა და მტყუან-მართალს გაარჩევდა. აქვე მინდა გითხრათ, ყველა ჩხუბი თბილისში დამეგობრებით მთავრდებოდა.

მას შემდეგ იმდენი რამ შეიცვალა… დაუნდობლები გახდნენ ადამიანები… მეგობრის გამო, ხშირად გავხვეულვარ შარში. ჩემ გამოც ხშირად შეწუხებულან. ერთხელ, მოსკოვის მეტროში მოვხვდი. ავდიოდი თუ ჩავდიოდი, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ავარდნილ ბიჭებს შევეჩეხე. მათ ფეხი დამიდეს. მოკლედ, ბევრნი იყვნენ და დამჩაგრეს. ამ დროს ულამაზესი ახალგაზრდა გამოჩნდა.

ჩემი მეგობარი გახლდათ, კარლო იმედაძე. ათივე თავდამსხმელი გალახა და აქეთ-იქით მიყარ-მოყარა.
ჩემი უახლოესი მეგობარი? – პოეტი რომ გავხდი და „პაემანი ვერაზე“ დავწერე, ნიაზ დიასამიძის დამსახურებაა. იმდენად ახლო მეგობრები ვიყავით, იმდენად მინდოდა მისი მოგონება, ლექსის გარდა, სხვა ფორმა ვერ მოვიგონე. თემურ ჩირგაძე, ანუ “ჩირგო” მოგვიანებით აღმოვაჩინე. მანამდეც კარგად ვიცნობდი, მაგრამ ნიჭიერება გვიან გამოამჟღავნა. მთელი ღამე თეთრად გავათენე, გული დამწყდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სიტყვა არ მქონდა მასზე დაწერილი.

ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. ერთადერთი, რაც შევძელი, სიტყვები იყო, რომელიც ფურცელზე გადავიტანე: თუ სიკვდილმა თემურ ჩირგაძის ფასი იცის, ალალი იყოს-მეთქი.

ძალიან მინდა ქართლოს კასრაძე გავიხსენო. ისე ვერ დააფასეს. წერა გაცილებით ადრე დაიწყო. უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ. პირადად, შეიძლება ბევრი ადამიანი გამინაწყენებია, მაგრამ ქართლოსი… იმდენად კეთილშობილი იყო, ერთი კაცისთვის არ მიუყენებია ტკივილი. ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის თბილისის გამხიარულებას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები