ტყის ჩეხვის წინააღმდეგ მებრძოლი პროფესორი, რომელიც საბჭოთა სისტემას დაუპირისპირდა და დახვრიტეს
სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი გახლდათ სოლომონ ზაქარიას ძე ქურდიანი, ქართველი დენდროლოგი.
დაიბადა 1867 წელს ს. საგარეჯოში, მღვდლის ოჯახში. თბილისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1896 წელს გაემგზავრა პოლონეთში და სწავლა განაგრძო ნოვოალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყვეობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა1900 წელს და იქვე გააგრძელა მუშაობა მეტყევეობის კათედრაზე. ორი ათეული წლის განმავლობაში ის კითხულობდა დენდროლგიის კურსს და ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ინტენსიურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მან პირველმა დაიწყო მუშაობა მერქნიანი ჯიშების სართაშორისო ჰიბრიდიზაციის საკითხებზე, შეაჯვარა რა ევროპისა და იაპონიის ლარიქსი. ამ ხნის განმავლობაში ის მუდმივ კავშირში იყო საქართველოსთან, ჩამოჰყავდა სტუდენტები პრაქტიკის გასავლელად, სწავლობდა ადგილობრივ ტყეებს, გამოაქვეყნა სქელტანიანი მონოგრაფია – „ცივგომბორის ქედის და იორ-ალაზნის მდინარეთა ჭალის ტყეები“.
1918 წელს პროფესორი სოლომონ ქურდიანი ივანე ჯავახიშვილმა მოიწვია ახლადდაარსებულ უნივერსიტეტში. ის გახდა ბოტანიკის კათედრის ხელმძღვანელი. 1931 წელს მისი მონაწილეობით შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომლის სატყეო-სამეურნეო კათედრის დეკანად თავად დაინიშნა. მან თბილისში გააშენა დენდროლოგიური პარკი, რომელიც სამწუხაროდ აღარ არსებობს, გაიკაფა და განადგურდა.
სოლომონ ქურდიანი არის მეტყევეობის ენციკლოპედიის შემქმნელი და აღიარებულია მერქნიან მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის ერთ ერთ ფუძემდებლად. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა საქართველოს ტყეების პირველი სრულფასოვანი აღწერა: აღიწერა ბიჭვინთის, ტევრის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ყორუღის, ნაღვარევის, ელდარის, ბაწარას და მარიამჯვრის ნაკრძალები (ამ უკანასკნელს ქურდიანის სახელი ეწოდა).
სოლომონ ქურდიანი ებრძოდა ტყის უგეგმვოდ ჩეხვას. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდა, როდესაც 1931 წელს, საკავშირო დადგენილებით, საქართველოსა და რუსეთის ტყეები ერთ საექპლუატაციო ზონად გამოცხადდა. ტაიგის მსგავსად, მთიანი რაიონების ტყეების ჭრა, მეცნიერის აზრით, გამოიწვევდა მეწყერებს, ღვარცოფებსა და ეროზიას. ტყეების გადარჩენისათვის საჯარო კრიტიკული გამოსვლები მეცნიერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. საბჭოურმა რეჟიმმა მავნებლად შერაცხა, ის დააპატიმრეს და შინსახკომის სამეულმა 1937 წლის 10 ნოემბერს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით: 58-7 (ძირგამომთხრელი საქმიანობა), 58-10 (პროპაგანდა ან აგიტაცია, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდება), 58-11 (ორგანიზებული მოქმედება ხელისუფლების დასამხობად).
ბრალდებაში ვკითხულობთ:
1.ქურდიანი ს. ზ. არის კონტრრევოლუციური მავნებლური ორგანიზაციის წევრი;
2.იგი ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას ტყის ექსპლოატაციის, ტყეთმოწყობისა და სატყეო რესურსების დამალვის სფეროში;
3.ამავე ჭრილში, აძლევდა მავნებლურ მითითებებს 1927 წელს კ/რ ორგანიზაციაში გადაბირებულ ს.ი. ბაქრაძეს.”
სოლომონ ქურდიანს განესაზღვრა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია, რაც აღასრულეს ორი დღის შემდეგ, 1937 წლის 12 ნოემბერს…