“ნიკანორ მელიამ იცის, რომ ის დამარცხებულია და ბოლო საათებში ის ყველანაირ პროვოკაციაზე წავა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გლდანის ოლქში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, სადაც “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მხარდამჭერები “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.
“ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ გლდანი წაგებული აქვს მწვალებელთა პარტიას, “ნაცმოძრაობას”, ამიტომ ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიან. ზუსტად ვიცოდით, რომ ნიკანორ მელიას დასაყრდენი არ ჰქონდა. დღეს განახორციელეს ზუსტად მორიგი პროვოკაცია. ეს არის “ნაცმოძრაობის” დაგეგმილი ქმედება და მელიას ზონდერების მიერ შესრულებული. ისინი მიზანმიმართულად ცდილობდნენ საარჩევნო პროცესის ხელშეშლას. ჩვენ უსაფუძვლოდ არ ვართ ასე თავდაჯერებულები, ამას მოწმობს მონაცემები. 12 საათისთვის გლდანი ოლქიდან მიღებული გვქონდა დაახლოებით 28 ათასი მონაცემი და აქედან 16 ათასი ჩვენი მხარდამჭერი იყო, ხოლო სამი საათისთვის 51 ათასი ამომრჩევლიდან 30 ათასი ჩვენი მხარდამჭერი იყო.
მელიამ იცის, რომ ის დამარცხებულია და ბოლო საათებში ის ყველანაირ პროვოკაციაზე წავა.
ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მშვიდი გარემო და ხმა მივცეთ, ხვალინდელ დღეს, ჩვენს მომავალს”,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისათვის, გლდანში, 35-ე ბაგა ბაღის ტერიტორიაზე, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ნიკანორ მელიას და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები საარჩევნო უბნის კომისიისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
პოლიციამ ნიკანორ მელიას მხარდამჭერი დააკავა, რომელსაც თვითმხილველთა ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.