გია ვოლსკი: ანა დოლიძეს ჩემი უღირს ადამიანად გამოყვანა არ ეკადრება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის ბრალდებას ეხმაურება.
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძეს მსგავს ბრალდებაზე საუბარი არ ეკადრება.
„ეს რა სისულელეა და როგორ შეიძლება, ასეთი რამე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა დაუშვას? რაში შეიძლება დამჭირდეს ადევნება ან თუ ვინმე სურათს უღებს, გია ვოლსკის ხალხი რატომ არის? იქნებ, ეს ყველაფერი მის მიერ იმიტომ არის გაკეთებული, რომ ჩემზე ილაპარაკოს, თითქოს, მას ვავიწროვებ. ერთხელ თქვა, რომ შეხვედრაზე მთვრალი ბიჭები გამომიგზავნა, ქალებს ველაპარაკებოდი და დაგვაფრთხოო. მეორედ თქვა, ჩემს პლაკატებს თავისი პლაკატები გადააკრაო. შემდეგ უხეში ბრალდებებიც იყო. უცნაურად ისიც თქვა, თითქოს, მისმა აქტიურობამ მაფიქრებინა, გამოვიდე და ხალხს შევხვდე. ანაზე ამდენი ლაპარაკი არ მინდოდა, მაგრამ თუ მას შეუძლია, ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთოს, წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ჩემზე თავდასხმა და ჩემი უღირს ადამიანად გამოყვანა, არ არის არათუ სწორი და სიმართლე, არამედ მას არ ეკადრება. ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანების მიმართ ლოიალური ვარ, თუნდაც, ჩემი მოწინააღმდეგე იყოს. ასეთ რამეს არც ვიკადრებ და იმ ადამიანსაც ცუდად ვუყურებ, ვისაც უნდა, რომ ჩემი პიროვნება ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებით დაამციროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ვოლსკის საარჩევნო შტაბს თვალთვალში ადანაშაულებს.