Middle East Institute: საქართველოს სურს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში

“საქართველო მდებარეობს მიმდინარე „ქარიშხლის” ეპიცენტრში. რუკაზე თვალის შევლებაც საკმარისია, რომ დავინახოთ საქართველოს პოზიციის სირთულე. საქართველო ესაზღვრება რუსეთს, თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს, ანუ კონფლიქტში ჩართულ ყველა ქვეყანას. მართალია, საქართველო არ ესაზღვრება ირანს – კიდევ ერთ რეგიონულ ძალას, რომელიც ისტორიულად, „სცენის მიღმა” ასრულებს გარკვეულ როლს მთიან ყარაბაღში, თეირანის აქტიურობა ყოველთვის იგრძნობა სამხრეთ კავკასიაში”,- Middle East Institute სტატიას სახელწოდებით “საქართველოს უწევს რამდენიმე მიმართულებით მოქმედება სამხრეთ კავკასიაში” აქვეყნებს.
​სტატიის ავტორის, ანალიტიკოსის, ლუკ კოფის თქმით, საქართველო ერთპიროვნულად, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე შეთანხმების უზრუნველყოფას, მაგრამ მას შეუძლია „ფარდის მიღმა” თავისი გავლენის გამოყენება და მხარეთა, სულ მცირე, მოლაპარაკებებზე დაყოლიება.
“უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხაზზე ბრძოლები გაჩაღდა. ამჟამინდელი კონფრონტაცია, ივლისში მომხდარი და სხვა მსგავსი ნაკლებად მნიშვნელოვანი შეხლა-შემოხლისგან განსხვავებით, მთლიან ფრონტის ხაზს მოიცავს. 2 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და საფრანგეთმა (მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება მოწოდებით დაპირისპირების შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ. 9 ოქტომბერს, მოსკოვში მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა მხარეებმა თითქმის უმალ დასდეს ერთმანეთს ბრალი ამ შეთანხმების პირობების დარღვევაში. საქართველო კი მდებარეობს ამ მიმდინარე „ქარიშხლის” ეპიცენტრში. რუკაზე თვალის შევლებაც საკმარისია, რომ დავინახოთ საქართველოს პოზიციის სირთულე. საქართველო ესაზღვრება რუსეთს, თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს, ანუ კონფლიქტში ჩართულ ყველა ქვეყანას. მართალია, საქართველო არ ესაზღვრება ირანს – კიდევ ერთ რეგიონულ ძალას, რომელიც ისტორიულად, „სცენის მიღმა” ასრულებს გარკვეულ როლს მთიან ყარაბაღში, თეირანის აქტიურობა ყოველთვის იგრძნობა სამხრეთ კავკასიაში. ბევრი ქართველი, – სულ მცირე, პირად საუბრებში, – გამოთქვამს სიმპათიებს აზერბაიჯანის მიმართ. სხვა თუ არაფერი, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია არაფრით განსხვავდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების: ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციისგან. თუმცა საქართველოს მართებს ემოციების და თანაგრძნობის დაბალანსება თავის გეოპოლიტიკურ რეალობასთან. შედეგად, საქართველო ცდილობს ამ კონფლიქტში დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გავლას, რაც წარმოადგენს გონივრულ და პასუხისმგებელ მიდგომას. 3 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. მასში აღნიშნულია, რომ „საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან”, და რომ თბილისს სურს ამ მოცემულობის შენარჩუნება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია საქართველოს მზადყოფნა, გამოვიდეს შუამდგომლის როლში ამ კონფლიქტში. 1994 წელს ეუთომ, მთიანი ყარაბაღის ომის საბოლოოდ დასრულების მიზნით, ჩამოაყალიბა მინსკის ჯგუფი, თუმცა ამ წლების განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ იყო მიღწეული. მართალია, საქართველო ერთპიროვნულად, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე შეთანხმების უზრუნველყოფას, მაგრამ მას შეუძლია „ფარდის მიღმა” თავისი გავლენის გამოყენება და მხარეთა, სულ მცირე, მოლაპარაკებებზე დაყოლიება. საქართველოს მცდელობამ შეიძლება ვერ მოიტანოს სიტუაციის რადიკალური ცვლილება, მაგრამ თბილისი მაინც იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან უმაღლეს შეფასებას ლიდერის როლის თავზე აღებისთვის”,- ნათქვამია სტატიაში.
​სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა თავის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარებაზე როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართულებით, რაც სრულიად გასაგები გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა გარე მხარეებისკენ ასე აქტიურად იშვერენ ხელს და ადანაშაულებენ მათ როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის შეიარაღებაში.
ლუკ კოფის თქმით, საქართველოს ინტერესებში სულაც არ შედის „შუაში მოყოლა” და ასევე, ეს გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ, როგორც ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი, მიუხედავად ნებისმიერი როლისა, რომელსაც თბილისი შეასრულებს მედიატორის სტატუსით.
“არსებობს რიგი მნიშვნელოვანი შიდა მიზეზები, რომლებიც განაპირობებს საქართველოს გადაწყვეტილებებს მთიან ყარაბაღთან მიმართებაში. ოქტომბრის ბოლოს დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები, ხოლო რუსეთი გამოიყენებს ნებისმიერ საბაბს, რათა კიდევ უფრო მეტი განხეთქილება შეიტანოს ქართულ საზოგადოებაში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთი აქცენტს გააკეთებს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ და სომეხ უმცირესობებზე. მართალია, რაოდენობრივად ისინი მცირერიცხოვანნი არიან, მაგრამ მათი მნიშვნელობა აუცილებლადაა გასათვალისწინებელი. კერძოდ, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული სომეხი უმცირესობა მღელვარებამ მოიცვა, ხოლო მათზე გამიზნული დეზინფორმაციის თანახმად, უკვე გამოითქვა პრეტენზია, რომ საქართველო თითქოს იარაღით ამარაგებს აზერბაიჯანს და გზას უკეტავს სომხეთისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ დახმარებას. საქართველოში სომხეთის საელჩოსაც კი მოუწია ამ ბრალდებების უარყოფა. საქართველოს სომეხი ეთნიკური უმცირესობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სამცხე-ჯავახეთში და, როგორც ჩანს, უფრო მეტი სიმპათიებით გამოირჩევა რუსეთის მიმართ, ვიდრე ქვეყნის სხვა უმცირესობები, რის გამოც იგი უფრო იოლად ხდება რუსული დეზინფორმაციის კამპანიების მსხვერპლი. ჯავახეთში მცხოვრები სომხეთის დიდ რაოდენობას აქვს სომხური პასპორტები, რაც უადვილებს მათ სეზონური სამუშაოს პოვნას სომხეთსა და რუსეთში. იქ განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, 2007 წელს მის დახურვამდე, წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთში დასაქმების ყველაზე დიდ წყაროს. წარსულში სომხური სეპარატიზმი პრობლემას წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთში. მართალია, სეპარატისტული გრძნობები დღეს შეიძლება ისეთი ძლიერი არ იყოს, როგორც წარსულში, მაგრამ მაინც არსებობს შიში, რომ მოსკოვს შეუძლია, მარტივად გამოაცოცხლოს სეპარატისტული მოძრაობები რეგიონში. ასევე აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის განლაგება სტრატეგიულადაა მნიშვნელოვანი რიგი მიზეზების გამო. სწორედ ამ რეგიონზე გადის მნიშვნელოვანი ნავთობის და ბუნებრივი აირის სადენები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ასევე გადის სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე”,- წერს გამოცემა.
როგორც ლუკ კოფი მიიჩნევს, არსებობს შეშფოთების მიზეზი, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს დაძაბულობა ეთნიკური სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში თავისი გავლენის გაფართოების მიზნით.
მისი თქმით, ისტორიულად მოსკოვი იყენებს ეთნიკურ განხეთქილებებს და დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში პრორუსული პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც ხშირად წინააღმდეგობაშია რეგიონში ამერიკისა და ნატოს მიზნებთან – ყოველივე ეს კი ქართველებმა ყველაზე უკეთ იციან.
“რუსეთი სომხეთს დაუკავშირდება ცხინვალის რეგიონისა და სამცხე-ჯავახეთის მეშვეობით. თუკი მდგომარეობა მთიან ყარაბაღში მკვეთრად გაუარესდება, ეთნიკურმა სომხეთმა შეიძლება მოითხოვონ კიდეც ცენტრალური ხელისუფლებისგან თბილისში, რომ მათ მიეცეთ „ჰუმანიტარული დერეფნის” შექმნის უფლება, რომლითაც რუსეთი, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დაუკავშირდება სომხეთს. ეს კი, რა თქმა უნდა, არ იქნება მისასალმებელი. ისტორიულად მოსკოვი იყენებს ეთნიკურ განხეთქილებებს და დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში პრორუსული პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც ხშირად წინააღმდეგობაშია რეგიონში ამერიკისა და ნატოს მიზნებთან – ყოველივე ეს კი ქართველებმა ყველაზე უკეთ იციან. მაშინ, როცა სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობს მასშტაბური კონფლიქტი და საპარლამენტო არჩევნები სულ რამდენიმე კვირაში უნდა ჩატარდეს, რუსეთი ეჭვგარეშე გამოიყენებს ამჟამინდელ სიტუაციას საქართველოში თავის სასარგებლოდ. ისეთ რთულ რეგიონში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია, საქართველოს მართებს (სულ მცირე, საჯაროდ) რამდენიმე მიმართულებით მოქმედება მთიან ყარაბაღთან მიმართებაში. ჯერ გაურკვეველია, რამდენ ხანს შეძლებს საქართველო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. პასუხი ამ კითხვაზე, დიდი ალბათობით, დამოკიდებულია 2 რამეზე: რამდენ ხანს გასტანს კონფლიქტი მთიან ყარაბაღში და რამდენად აგრესიულად ჩაერთვება მასში რუსეთი”,- ნათქვამია სტატიაში.
ლუკ კოფი აცხადებს, რომ ჯამში, საქართველოს სურს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში.
მისი თქმით, ის, რაც ხდება სამხრეთ კავკასიაში, როგორც წესი, გამოძახილს ჰპოვებს რეგიონის საზღვრებს გარეთ. სწორედ ამიტომ ასრულებს საქართველო თავის როლს, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას
“ცხინვალის, აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები სამხრეთ კავკასიაში ერთად შეადგენს 15 000 კვადრატულ კილომეტრს. მართალია, ზუსტი რიცხვების დაანგარიშება შეუძლებელია, მაგრამ ეს გაყინული კონფლიქტები რეგიონს ყოველწლიურად, ალბათ, მილიარდობით დოლარი უჯდება ეკონომიკური საქმიანობის და უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. საქართველომ სხვა ქვეყნებზე უკეთ იცის რეგიონში თანამშრომლობის სარგებლის ფასი. თავისი მდებარეობის წყალობით, საქართველომ დიდი სარგებელი ნახა აზერბაიჯანთან ვაჭრობის, ენერგეტიკის და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობებიდან. ბევრი ადამიანი საქართველოში მოუთმენლად ელის დღეს, როცა ასეთი თანამშრომლობა სომხეთთანაც იქნება შესაძლებელი. ეს კონფლიქტი სულაც არ არის ლოკალიზებული მოვლენა, რომელიც ვაშინგტონიდან სადღაც შორის ხდება. ომმა, ერთი მხრივ, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს და, მეორე მხრივ, სომხეთის ჯარსა და სომხეთის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებებს შორის მთიან ყარაბაღში შეიძლება კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია შეიტანოს ისედაც მყიფე რეგიონში. ის, რაც ხდება სამხრეთ კავკასიაში, როგორც წესი, გამოძახილს ჰპოვებს რეგიონის საზღვრებს გარეთ. და რადგან სამხრეთ კავკასია ესოდენ მნიშვნელოვანია ტრანზიტის, ვაჭრობის და ენერგეტიკის მხრივ, გეოპოლიტიკურ შოკებს რეგიონში ხშირად აქვს მეორე და მესამე დონის ეფექტი ფართო რეგიონში. სწორედ ამიტომ ასრულებს საქართველო თავის როლს, რაოდენ მცირეც უნდა იყოს ის, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას”,- წერს სტატიის ავტორი ლუკ კოფი.

სტატია იხილეთ ლინკზე https://www.mei.edu/publications/georgias-balancing-act-south-caucasus

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები