არჩილ თალაკვაძე და სოზარ სუბარი სამგორში წარმატებულ სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვდნენ

„ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამგორში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა.

წელს სამგორის რაიონში სკოლა 2462 მოსწავლემ დაამთავრა, საიდანაც 100%-იანი გრანტი 48 მოსწავლემ მოიპოვა, ხოლო 70%-იანი კი 118-მა. შეხვედრა, სწორედ ამ წარმატებულ სტუდენტებთან და მათ დამრიგებლებთან გაიმართა.

თალაკვაძის თქმით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ეს არის ორი თაობა, რომელიც ქმნის წარმატებას ქვეყანაში და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს პროგრესული მომავალი. ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს განათლების სფეროში და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ახალგაზრდებთან იმ სამ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და უფრო მეტი ენერგიით განვაგრძობთ მომავალში. ეს არის განათლება მათთვის, ეს არის დასაქმება, პირველი სამუშაო, სამსახური და ეს არის რეკრეაცია, სპორტი და გართობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტები, გვაქვს ხედვა და ახალგაზრდებთან ერთად, ვაპირებთ გავაგრძელოთ მომავალში. ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სუბარის თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია მნიშვნელოვანია.

„დღეს შევხვდით წარმატებულ სამგორელ პირველკურსელებს, ახალგაზრდებს. სხვადასხვა სპეციალობები, სხვადასხვა უნივერსიტეტები, მაგრამ ერთნაირად ანთებული თვალები, ერთნაირი სწავლის სურვილი და ერთნაირი მგზნებარე სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში, ქვეყნის გარდაქმნაში და ჩვენგანაც ეს იყო მთავარი თხოვნა, მოწოდებაც, რჩევაც, ისტორიის გაკვეთილიც, რომ როგორც მნიშვნელოვანია წიგნი და კომპიუტერი, ასევე მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცხოვრების გარდაქმნა იწყება დღეიდან და ეს უნდა დაიწყონ მათ და მათ უნდა ააშენონ მომავლის საქართველო. ამისთვის ყველა პირობის შექმნა არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ მარტო უფროსი თაობა, მათ გარეშე, ვერაფერს ვერ გააკეთებს”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები