როგორ იქცა მიხეილის ხიდი მშრალ ხიდად

მე-19 საუკუნის 30-იან წლებში თბილისი საგრძნობლად გაიზარდა. ახალი ტერიტორიების ათვისება ჩქარი ტემპებით მიმდინარეობდა. იმ დროისათვის ქალაქში მხოლოდ ერთადერთი, მეტეხის ხიდი არსებობდა, რაც საგრძნობლად ართულებდა მტკვრის მოპირდაპირე ნაპირთან კავშირს. კუკია, ჩუღურეთი, გერმანელთა დასახლება მოწყვეტილი იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებს.  მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მითითებით, ახალი ხიდის საპროექტო სამუშაოები იტალიელ არქიტექტორს, ჯოვანი სკუდიერის დაევალა.

მშენებლობა 1848 წელს დაიწყო, თუმცა რამდენიმეჯერ შეფერხდა: იცვლებოდნენ მოიჯარეები, 1851 წელს კი, არქიტექტორი სკუდიერი დაიღუპა. სკუდიერის გარდაცვალების შემდეგ ხიდის პროექტი გადაამუშავა და მშენებლობას სათავეში ჩაუდგა ქართველი ინჟინერი ვ. ბაგრატიონ -მუხრანსკი.

1853 წლის აპრილში, მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს ხიდი საზეიმო ვითარებაში გახსნეს და მას მიხეილის ხიდი დაერქვა.

გასული საუკუნის 30-იან წლებში მიხეილის ხიდს თბილისელებმა მშრალი ხიდი შეარქვეს.  ამ ცვლილების მიზეზი მტკვარზე  აგებული ორთაჭალის ჰესი გახდა. მტკვარი ბეტონის კალაპოტში მოექცა. მტკვრის ტოტი, რომელზეც ხიდი იყო გადებული, დაშრა.

ტოტის დაშრობის გამო, გაქრა მადათოვის ცნობილი კუნძულიც. ხიდი კი შემორჩა და მას მშრალი ხიდი დაერქვა. ასე იქცა მიხეილის ხიდი მშრალ ხიდად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები