თამარ გაბუნია: ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და მართვა ძალიან ეფექტურად ხდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია აქტიური მართვის ფაზაშია გადასული.
მიუხედავად ამისა, გაბუნიას თქმით, ეპიდემიის მართვა ძალიან ეფექტურად ხდება.
„ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და მართვა ხდება ძალიან ეფექტურად. ამის ბევრი საზომი ინდიკატორი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ მართვა ხდება ნამდვილად ეფექტურად და სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, რამდენს უნდა აკეთებდეს ქვეყანა, ამისთვისაც არსებობს ძალიან მკაფიო ჩარჩო და ეს დამოკიდებულია ინციდენტების რაოდენობაზე, ანუ როდესაც ინციდენტების რაოდენობა არის 5-ზე დაბალი, ტესტების რეკომენდებული რაოდენობა ქვეყნისთვის არის 7 000-ზე ნაკლები. ჩვენ დღეს როგორც ქვეყანა ამ ზონაში ვრჩებით. შედარებით მაღალი მაჩვენებელი არის აჭარაში და ამდენად სწორედ აჭარაში იყო ეს ინტენსიური ტესტირება, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ იქ იყო აქტიური კურორტული სეზონი და მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ ინფიცირებული ადამიანი არ წამოსულიყო აჭარიდან ისე, რომ ჩვენ არ გვეცოდინებოდა მისი ინფიცირების სტატუსი. სწორედ ამას უკავშირდებოდა საველე ლაბორატორიის ბულვარზე გახსნა. ეს აქტიური ტესტირების ეტაპი და საჭიროება ამ ეტაპზე ამოწურულია და ჩვენ დავუბრუნდით იმ პრიორიტეტული ტესტირების ჯგუფებს, რომელიც ასევე წარმოდგენილია და რასაც მივყვებით“, – განაცხადა გაბუნიამ.