საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვინაიდან უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში 28 სექტემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებსა და სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს”, – აცხადებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში.