ეკატერინე ტიკარაძე: თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია, დღესაც გაითვალისწინონ ეს
“კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მათ მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ გავცემთ, დღესაც გაითვალისწინონ ეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა
მისივე თქმით, ორკვირიანი კარანტინის ღონისძიებების მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
„ამ საკითხს ყოველ ორ კვირაში ერთხელ განვიხილავთ არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ამაში მსოფლიოს ყველა მეცნიერია ჩართული. დგინდება გარკვეული ქვეყნების სიათა ჩამონათვალი და ამის მიხედვით განისაზღვრება, რომელ ქვეყანასთან რა ღონისძიების მიღებაა საჭირო. დღევანდელი ვითარებით, იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ე.წ. მწვანე კორიდორები გვაქვს, მგზავრების გარკვეული ნაწილი სავალდებულო საკარანტინო პირობებში იმყოფება, ნაწილი შერჩევით ტესტირებას გადის და ბიზნესვიზიტორებს საშუალება აქვთ, ყოველ 72 საათში ჩაიტარონ ტესტირება. რა თქმა უნდა, მესმის ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანება, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდის პანდემია არის გლობალური მოვლენა, რომელსაც კავშირი აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და ასევე ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასთან.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით მივმართავ, როგორც დღემდე მათ მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომლებსაც ჩვენ გავცემთ, დღესაც გაითვალისწინონ, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა”, – განაცხადა ტიკარაძემ.