„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო (ფოტო, ვიდეო)

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო. პირველი შეხვედრა კომპანიის თანამშრომლებსა და „ფაბრიკა 25″-ის მოსახლეობას შორის გაიმართა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, ანგარიში 3:3 გახდა, თუმცა დამატებით დროში „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და მატჩი 4:3 დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა, სიმბოლური დიპლომები კი – საუკეთესო თავდამსხმელ ზაალ ფხალაძეს და მეკარე რეზო გამყრელიძეს.

„წლების განმავლობაში აქ, ამ არაჩვეულებრივ რეგიონში არსებობდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებთან ერთად ამხანაგურ მატჩებს სისტემატურად მართავდნენ. ეს ძალიან კარგი ტრადიცია, სამწუხაროდ, ბოლო წლებში დაიკარგა და მოხარული ვარ, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს ის განაახლა. ასეთი აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, რეგიონის ახალგაზრდებს ახლა ეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

ამავდროულად, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს სტადიონი, სადაც დღეს ამხანაგური მატჩი ჩატარდა, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ განვაახლეთ. ამჟამად “ჯორჯიან მანგანეზი” სხვა მოედნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასაც ახორციელებს.

ვფიქრობთ, წელს, ჯამურად, ჩვენ მიერ ჭიათურაში 4 სტადიონი კეთილმოეწყობა. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და სწორედ მათი თანადგომით, მათთან ერთად ვგეგმავთ განვავითაროთ ქუჩის ფეხბურთი, სპორტის სხვა სახეობები… ყველა იმ პროექტს დავუჭერთ მხარს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.

“ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შემდეგი ამხანაგური მატჩი სამ კვირაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები