აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას მოიცავს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტის ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას მოიცავს.
კერძოდ, დოკუმენტში დამატებულია რამდენიმე პუნქტი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერდეს. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტი საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს დღეს განიხილავს.
კერძოდ, წარმოდენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული 132 025 000 ოდენობის ფინანსური დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ აღნიშნული მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
იმის განსაზღვრის დროს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სახელმწიფო მდივანმა უნდა განიხილოს, საქართველოს მთავრობა ახორციელებს თუ არა შემდეგ ქმედებებს:
1) საარჩევნო რეფორმის ეფექტიანად განხორციელება;
2) სასამართლო სისტემის დამოკიდებლობის პატივისცემა, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ჩარევისგან;
3) ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პოლიტიკის ეფექტიანი გატარება, მათ შორის საჯარო ინფორმაციისადმი შეუფერხებელი წვდომა;
4) სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის დაცვა;
5) მთავრობის ფუნქციონირებაზე და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა.
პროექტის თანახმად, კომიტეტი აღნიშნავს და მიესალმება 2020 წლის 29 ივნისს პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, რომელთა მიღებაც ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მოხდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობისგან მომავალი საფრთხეები ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ აშშ-მა გააგრძელოს ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მათ შორის საქართველოს დახმარება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფროში მათ ძალისხმევაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მიიღებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ან/და აღნიშნულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. ეს აკრძალვა შეიძლება გაუქმდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
აღნიშნულია ასევე, რომ საქართველოს ტერიტორიები 2018 წლის მაისში სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმმა აღიარა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტის ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას მოიცავს
წყარო: 1TV.GE