არჩილ თალაკვაძე: არჩევნების თარიღი 31 ოქტომბერი არის ძალაში, საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ
“არჩევნების თარიღი ძალაშია და ჩვენ საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.
თალაკვაძის თქმით, არჩევნების თარიღი დაფიქსირებულია კონსტიტუციაში და ეს 31 ოქტომბერია.
„მოქალაქეებს აინტერესებთ, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც მსოფლიოში გლობალური პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და „კოვიდ-19“-ით კვლავ, სამწუხაროდ არიან ინფიცირებული მოქალაქეები. არიან ადამიანები, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ და ჯერ კიდევ რჩება რისკი მთელ მსოფლიოში, რომ „კოვიდ-19“-ის მართვა, დამარცხება, მისი სრულად განეიტრალება რამდენად იქნება შესაძლებელი. თუმცა, აქ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და მინდა, დღეს მაქსიმალურად ამოვწურო ეს საკითხი, განსაკუთრებით მედიის საყურადღებოდ – ზუსტად ჩვენი მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დააკონკრეტა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი და დააკონკრეტა, რადგან ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციები. მოგეხსენებათ, წარსულში, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი ჩვენს მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, რომ არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული, არ ყოფილა არც ასეთი ინიციატივა და არ ყოფილა არც ამასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე. მით უმეტეს რაიმე გადაწყვეტილება. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას.
რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. ვიმეორებ, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, რომ მხარი დაუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება. ამით ჩვენ მივიღებთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ სისტემას, რაც დაგვეხმარება სტაბილური საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.