ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

„კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება სახმელეთო, საზღვაო და სახმელეთო სადაზვერვო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას, რაშიც აქტიურ მხარდაჭერას გვიწევენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით – აშშ, დიდი ბრიტანეთი“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.

„მიმდინარეობს ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების ჩართვაზე მუშაობა პარტნიორ ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც კონტრიბუტორი ქვეყნის როლს გლობალური უსაფრთხოების სექტორში და, ამასთანავე, გააფართოებს სადაზვერვო ინფორმაციის წვდომის არეალს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას. საქართველოს სამხედრო სადაზვერვო ქვედანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებთან ისევე, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო დაზვერვის უწყებებთან, შავი ზღვა, კავკასიის რეგიონისა და აფრიკა ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში. სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, მინდა გამოვყო ნატო-საქართველოს ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ნატოსთან უსაფრთხო ელექტრონული კავშირის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უწყვეტობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინასთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, თავდაცვის ძალების სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მოზიდვასა და მათ გადამზადებას, ასევე, ოპერატიული და ანალიტიკური რესურსების განვითარებას. „გაუმჯობესდა სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფებში პერსონალის მოზიდვის წესი და დაიხვეწა მათი კარიერული ზრდის სისტემა, რაშიც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები