პარლამენტმა პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტში პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა.

კენჭისყრაზე ცვლილებებს 73 მომხრე ჰყავდა.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით.

ცვლილებებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.

ამასთან, ინიციატივით, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მომზადებული პროექტით კონკრეტდება და ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის თანახმად, იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევისთვის ფიზიკური პირი კვლავ დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით.

ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული სხვა დარღვევები მძიმე ხასიათისაა და დაკავშირებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვასთან, სარკინიგზო მიმოსვლასთან, საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვასთან, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვასთან, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით თავშეყრის შეზღუდვასთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვასთან, ეპიდემიურ კერებში საფრთხეების მართვასთან, თვითიზოლაციაში და საკარანტინო სივრცეში მოქმედი წესების დარღვევასთან.

ამასთან, დღევანდელი განხილვისას დაზუსტდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და მათ ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. თუმცა, მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები