ზელენსკის პრეზიდენტობის ერთი წელი – სკანდალები, რომელთა შორის სააკაშვილის რეანიმირებაც მოხვდა

ზუსტად ერთი წლის წინ, 20 მაისს მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი, ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, მის საქმიანობას უკრაინელების უმრავლესობა “კარგად” ან “დამაკმაყოფილებლად” აფასებს.

ამასთან, ადგილობრივი მედია პრეზიდენტის წლის საქმიანობას აფასებს და იხსენებს ყველა სკანდალს, რომელშიც თავად ზელენსკი ან მისი გარემოცვის წევრები აღმოჩენილან. სკანდალებს შორის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხთა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანლად დანიშვნაც სახელდება.

თუმცა, მანანდე იყო უმაღლესი რადას დათხოვნა, რომელსაც ხელი ზელენსკიმ ინაუგურაციის დღესვე მოაწერა. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2019 წლის ივლისში ჩატარდა, რომლის შედეგად ზელენსკის პარტიამ “ხალხის მსახურმა” უმრავლესობა მოიპოვა.

ამის შემდეგ იყო 17 ივნისს პარიზში ოფიციალური ვიზიტი, სადაც ზელენსკის მიერ უკრაინელ ქალებთან დაკავშირებით გაკეთებულმა კომენტარმა სამშობლოში ვნებათაღელვა გამოიწვია. მსოფლიოში სტარტაპების უმსხვილეს კამპუსში გამოსვლის დროს ზელენსკიმ უკრაინელი ქალები ქვეყნის “ერთ-ერთ ბრენდად” დაასახელა.

10 ივლისს, ბორისპოლში სამუშაო ვიზიტის დროს ზელენსკიმ სხდომათა დარბაზიდან საქალაქო საბჭოს მდივანი, იაროსლავ გოდუნკი გააძევა შეძახილით – “გადი აქედან, ბანდიტო”. გარდა ამისა, ზელენსკიმ ვერ შენიშნა, რომ მისი მიკროფონი იყო ჩართული და სხდომის დასრულების შემდეგ თქვა: “ახლავე ბაკანოვს დავურეკავ ამ ეშმაკის თაობაზე”(ბაკანოვი-უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ასევე, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ზელენსკის პრესმდივნის, იულია მედნელის მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმა. ქალბატონი მენდელი არაეთხელ არის მხილებული თოქშოუებსა თუ შეხვედრებზე ჟურნალისტების შევიწროების მცდელობაში.

იყო, ასევე, “ტურბორეჟიმის” პირობებში მუშაობა, ასევე- შტაინმაიერის ფორმულასთან დაკაშირებული აქციები, რომლის დროს ზელენსკი ზოლოტოიეში ჩავიდა, სადაც ჯარისკაცთან უსიამოვნო საუბარი მოუვიდა.

ასევე, იყო მსოფლიო სკანდალი – ზელენსკისა და ტრამპის საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნდა, რის შედეგადაც აშშ-ში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.
და ბოლოს, იყო სააკაშვილის “რეანიმირება”. ადგილობრივი მედია იხსენებს, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ, 2019 წლის 28 მაისის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მეორე დღეს კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვარშავიდან ბორისპოლის აეროპორტში ჩავიდა. ერთი წლის შემდეგ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების კომიტეტის აღმასრულებელ თავმჯდომარედ დანიშნა, რის შედეგად საქართველომ თბილისში კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები