მსოფლიოში ახალმა კორონავირუსმა თითოეული ადამიანის ყოველდღიურობა შეცვალა. ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა ეკონომიკის გაძლიერება და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ვირუსმა ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ცხადია, პრობლემები საქართველოშიც შექმნა. თუმცა, უარყოფით გავლენებთან ერთად, კოვიდ19-მა ერთი კარგი საქმეც “გააკეთა” – ადამიანები მამაპაპისეულ მიწას დაუბრუნდნენ და ბევრმა მათგანმა აგროსფეროშიც მოსინჯა ძალები. მათ კი, ვინც სოფლად ცხოვრობს,საქმიანობა გააფართოვეს და პანდემიის გამო გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავებას ასე ცდილობენ.
სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ხელს მთავრობა შეუწყობს. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე ზრუნვას დაეთმოს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
,,რეგიონული კვირა“ მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ კი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრებ ახალგაზრდა ფერმერს ესტუმრა.
მაღამლთიან აჭარაში მცხოვრებმა ლამზირა ხინიკაძემ ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში, გადაწყვიტა სოფელში დარჩენა და სოფლის მეურნეობის განვითარება. მან საკუთარი თავი მეფუტკრეობაში იპოვა. ფუტკრის მცირე ოჯახიდან 7 წლის განმავლობაში, შრომისმოყვარე 80 ოჯახი შეკრიბა და მეუღლესთან ერთად მუხლჩაუხრელი შრომით ნატურალურ თაფლს აწარმოებს. მისი ყოველდღიურობა საკუთარი ოჯახის გარდა ფუტკრის თოთოეული ოჯახისადმი მზრუნველობაა. დასუფთავება, კვება, სხვადასხვა ადგილებში ფუტკრების გაყვანა. 25 წლის ლამზირა ამ ყველაფერს სისტემატურად აკეთებს. სკებიდან ნატურალური თაფლი წელიწადში ერთხელ გამოაქვს და მის რეალიზებას ახდენს. ამბობს, რომ ძირითადი მომხმარებელი თურქეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც მის მიერ წარმოებული თაფლისთვის სოფელს ყოველწლიურად სტუმრობენ. ამბობს რომ, კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა გადაიარა და მის საქმიანობას ადრინდელზე უფრო მრავალფეროვანსა და პროდუქტიულს გახდის.
,,7 წლის წინ მეფუტკრეობა გადავწყვიტე, თავიდან ცოტა გამიჭირდა. ყველაზე რთული ფუტკრების მიერ დაკბენის პროცესი იყო, არ ვიცოდი როგორ მომევლო, თუმცა შემდეგ ყველაფერი ვისწავლე, უამრავ პროგრამაში ჩავერთე და ამით ჩემი ბიზნესიც განვავითარე. ბევრი მომხმარებელი მყავს, მოსწონთ ჩემი თაფლი, ახლა 20-მდე ფუტკრის ოჯახი ბათუმში მყავს წაყვანილი, მანდარინის ყვავილობაა და ყვავილზე არიან შესეულები. ეს თაფლს განსაკუთრებულ არომატს სძენს. ქალისთვის ცოტა უჩვეულოდ მოეჩვენათ ჩემი საქმიაობა, თუმცა ეს თავიდან იყო, ახლა ყველა მეხმარება, მხარში მიდგას, მგულმშემატკივრობენ. აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს ოჯახთან და ფუტკრებთან ერთად“, – ამბობს ახალგაზრდა მეფუტკრე.
ახალგაზრდა ფერმერი სხვა ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ამჟამად ციფრულ ონლაინ კურსს გადის, რაც მისი პროფესიული საქმიანობის განვითარებაში ეხმარება.
,,ვატარებთ ციფრულ ონლაინ კურსს ადგილობრივი ფერმერებისთვის, რომელიც ევროკავშირის მიერ სენისა და ქედის ადგილობრივი ჯგუფის ხელშეწყობით ხორციელდება. ფერმერები ამით დაეუფლებიან როგორ მოახდინონ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზება. ეს განსაკუთრებით საჭიროა ამ სიტუაციაში, პანდემიის დროს“,- განაცხადა პროექტ “ქედა კორონავირუსის წინააღმდეგ” ხელმძღვანელმა, ჰამლეტ სანიკიძემ.
ცნობისთვის, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამ, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოებას ითვალისწინებს. ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევასაც. პოტენციურ ბენეფიციარს პროგრამაში ჩართვის მიზნით ცენტრში მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენის უფლება აქვს.
ფიქრია დავლაძე