მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტთან უკვე მეორე დღეა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზირებაა მიღებული, თუმცა პროგნოზზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

“ახალი დადასტურებული სამი შემთხვევაა და სულ გვყავს 638 პაციენტი, გამოჯანმრთელებაც გაიზარდა, რვა დაგვემატა და ამ ეტაპზე არის 317. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, დღეისთვის 311 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში.

სამივე ახალი დადასტურებული არის თეთრიწყარო და არის საკარანტინე სივრციდან. ჩვენთან მოთავსდა გუშინ დილას ორი პაციენტი. ესენი, ალბათ, არა ამ სამიდან, წინა ცხრიდან არიან. ორი პაციენტი დაგვემატა. ორივე თეთრიწყაროდან არის, ორივე საკარანტინე სივრციდან.

ამ ეტაპზე, ჩვენ გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი და უკვე 87 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, რომელმაც დატოვა ჩვენი კლინიკა. ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავდა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ მასთან მეორე დღეა მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ლაპარაკი არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ ეს სტაბილიზირება ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემდგომ გამოსავალზე. დაგვემატა კიდევ 1 პაციენტი მძიმე პნევმონიით და გვყავს 2, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა ბოლო 24 საათის განმავლობაში”, – განაცხადა ეზუგბაიამ​​.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები