ორშაბათიდან სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი დაიწყება
“მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, სტომატოლოგიის ასოციაციებსა და სტომატოლოგთა პროფკავშირებთან შეთანხმებით, მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული მოთხოვნები შემუშავდა”, – ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.rama.moh.gov.ge სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები გამოქვეყნდება, რომლებსაც სტომატოლოგიური დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ. მისივე განმარტებით, სტომატოლოგიურმა კლინიკებმა განაცხადი უნდა შეავსონ და ელექტრონული ფოსტის მისამართზე – dent@moh.gov.ge -ზე გაგზავნონ.
„მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, სტომატოლოგიის ასოციაციებსა და სტომატოლოგთა პროფკავშირებთან შეთანხმებითა და მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით.
11 მაისიდან რეგულირების სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს.
შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი“, – განაცხადა კაპანაძემ.