ზუგდიდის ლაბორატორიაში 23 საკვლევი მასალიდან კორონავირუსი არცერთს დაუდგინდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 23 ბიოლოგიური მასალის გამოკვლევის შედეგად, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

კლინიკის ინფორმაციით, 23 შემოწმებული პაციენტიდან 8 სამედიცინო პერსონალია, ხოლო დანარჩენი ცხელების ცენტრებსა და საკარანტინე სივრცეში მყოფი პირები.

ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით,  ლაბორატორია სრული დატვირთვით პირველი მაისიდან იმუშავებს.

“პირველი მაისიდან სრული დატვირთვით ვიწყებთ მუშაობას, რადგან ჩინეთიდან გამოგზავნილ რეაქტივებს ველოდებით, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტ ადამიანს ჩავუტაროთ ტესტირება. ექიმების შემდეგ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს”, – ამბობს ლელა ქაჯაია.

მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები