ნათია თურნავა: კომპანიები, რომელთაც პირველივე ეტაპზე მიეცათ ონლაინვაჭრობის უფლება, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საქმიანობის განახლებას და დაიცვან წესები

“ის ფაქტი, რომ ონლაინვაჭრობის სფეროსა და ბევრ კომპანიას საშუალება მიეცა, გააგრძელოს საქმიანობა შეზღუდვების შერბილების პირველივე ეტაპზე, კარგი შესაძლებლობაა როგორც მომხმარებლისთვის, რომ მიიღოს სასურველი პროდუქცია, ასევე, თავად კომპანიებისთვის, რომელთაც ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უზრუნველყონ თანამშრომლისა და მომხმარებლის უსაფრთხოება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანიები, რომელთაც დღეს ონლაინ განაახლეს საქმიანობა ან გადავიდნენ საქმიანობის დისტანციურ ფორმატზე, ვალდებულნი არიან, ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინები, რომელთა დაკმაყოფილება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

„პირველ ყოვლისა, ეს საჭიროებს უბრალოდ პასუხისმგებლიან მიდგომას იმ კომპანიების მხრიდან, ვისაც დღეიდან ეძლევა ფუნქციონიებს საშუალება. ეს არის ელემენტარული პირობები, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის გაიდლაინებში”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, კომპანიები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ თანამშრომლები პირადი დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირბადეებითა და ხელთათმანებით, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მიტანის სერვისს ახორციელებენ და მომხმარებელთან ადგილზე მისვლა უწევთ. ასევე, კომპანიებმა უნდა მოახდინონ ოფისებისა და საწყობების პერიოდული დეზინფექცია, უნდა ჰქონდეთ თერმოსკინრინგი, ოფისში ერთდროულად არ უნდა ჰყავდეთ 5 ადამიანზე მეტი და სხვა წესების დაცვა, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

„მივმართავ მათ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, დაიცვან სანიტარული ნორმები, აკონტროლონ თანამშრომლები – ჰქონდეთ გამართული მოკვლევადობის სისტემა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს პირადი დაცვის საშუალებები და სხვა. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე ეტაპზე ამოქმედებულ კომპანიებს დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრიათ როგორც საკუთარ ბიზნესზე, ასევე, კლიენტის ჯანმართელობასა და შეზღუდვების შერბილების შემდგომი ეტაპების ამოქმედების გეგმის შეუფერხებლად გაგრძელებაზეც. თუ ამ პერიოდში ამ კუთხით რაიმე სახის ეპიდემიოლოგიური პრობლემა შეიქმნა, ნებისმიერ დროს გვექნება უფლება და მოვალეობაც, რომ გადავდოთ შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპები. ამიტომ ონლაინკომპანიები უნდა იყვნენ  ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში. ამასთან, მინდა, ბევრ კომპანიას გადავუხადო მადლობა, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ მოთხოვნებს და ასრულებს მათ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები