ქართველი ემიგრანტი, ნინო ბერიძე იტალიის ჩრდილოეთით, სლოვენიის საზღვართან, სოფელ ბეთანიაში ცხოვრობს. მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებსაც ოჯახიდან შორს, მარტო უმკლავდება და ასობით კილომეტრიდან აკვირდება, როგორ ებრძვის მისი სამშობლო კორონავირუსს.
როგორც “რეგიონულ კვირას” უყვება, ის სოფელი, სადაც ახლა დროებით ცხოვრობს, საქართველოს ძალიან ჰგავს. ქვეყნის მონატრების გრძნობასაც სწორედ ამაზე ფიქრით იკლავს.
„თავიდან აქ გაჩერებას დიდი ხნით არ ვაპირებდი. მეგონა ჩემს ოჯახურ მდგომარეობას ცოტათი მაინც გავიუმჯობესებდი და საქართველოშიც მალე დავბრუნდებოდი. ამ ვირუსმა ყველაფერი შეცვალა. ასეთ რთულ დროს ჩემი ქვეყნიდან ძალიან შორს ვარ. იტალიაში მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე საქართველოში. დაახლოებით 26 000 გარდაცვლილი ყავს ქვეყანას. მთელი ქვეყანა შიშმა მოიცვა, მათ შორის აქ მყოფი ქართველებიც“,- ამბობს ქართველი ემიგრანტი.
სამშობლოდან წასული ემიგრანტი, იტალიაში მყოფი ქართველების მდგომარეობაზეც გვესაუბრება. გვიყვება იმასაც, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი იმ ქვეყანაში, რომელმაც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით, პირველწყარო ჩინეთსაც კი გადააჭარბა.
„აქ ადამიანები შეიცვალნენ. თითქოს ერთმანეთისაც ეშინიათ. ქართველებს ბევრი პრობლემა შეგვიქმნა კოვიდ-19- ის გამოჩენამ, თუმცა ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით. ახლა უბრალოდ დისტანციურად ვართ ერთმანეთის გვერდში, მაგრამ მაინც ვახერხებთ ერთმანეთი ვანუგეშოთ და მხარში ამოვუდგეთ. ქართველებს იტალიაში საკუთარი ცხოვრება არასოდეს გაგვაჩნდა, ჩვენ იმ მოხუცების ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვისაც ვუვლით“,- ამბობს ნინო.
54 წლის ემიგრანტი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ იტალიელები უფრო რთულად შეეგუვნენ სახლში ჯდომას, ვიდრე ქართველები. ეს მათი სამსახურიდან გამომდინარე მოხდა. როგორც ნინო გვიყვება, ქვეყანაში დაკეტილია ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ნინოს თქმით, პირბადის გარეშე მოსიარულე ადამიანს იტალიაში ვერ შეხვდებით. გარდა ამისა, სახლიდან გასვლისთანავე ავსებენ სპეციალურ ანკეტას, სადაც უთითებენ სად მიდიან და შინ რამდენ ხანში დაბრუნდებიან.
ნინო ბერიძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ დროული და შესაბამისი ცვლილებები განახორციელა.
„საქართველოს ხელისუფლებამ გამაოცა თავისი სრულყოფილებით. მადლობა ქართველ ექიმებს, ისინი მართლაც საოცრებებს ჩადიან. ერთი დიდი სათხოვარი მაქვს ჩემს ხალხთან. გემუდარებით, დარჩით სახლში. ეს ვერაგი დაავადებაა და არ უყვარს ხუმრობა. მე პირადად ვნახე როგორ იხრჩობიან ადამიანები ჰაერის გარეშე. ყველაფერს გადავიტანთ ქართველები, თუ ყველა ღირსეულად მოიქცევა. მადლობა საქართველოს მთავრობას. ის, რაც ვერ შეძლო იტალიამ, ჩემმა პატარა ქვეყანამ შეძლო“,- ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ ქართველი ემიგრანტი.
ნინო და მისი ქართველი მეგობრები, რომლებიც უცხო მიწაზე ოჯახებიდან შორს ცდილობენ თავი აარიდონ უხილავ ვირუსს, ცხოვრებას იმ იმედით აგრძელებენ, რომ ძალიან მალე მსოფლიოში ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და ისინი საქართველოში დაბრუნებასაც მალე შეძლებენ. მანამდე კი, ნინო საქართველოს თავის დაწერილ ლექსს უძღვნის და შორიდან ამხნევებს კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს.
“ისევ მემწარა შენი სხივები
ადრე სხვაგვარად აფრქვევდი სითბოს,
ადრე არ გითქვამს
გიღალატებო-და მეც მოგენდე,ბოლომდე თითქოს.
განა რა მოხდა-რა დავაშავეთ,დედაო ჩვენო,ჩვენგან რას ითხოვ? გამწარებული
კაცობრიობა,დაიჩოქა და შენდობას ითხოვს.
ვერ გამოვდივარ შენს სანახავად,მოვიბუზე და სარკმელთან გიხმობ-გაბრაზებულა
დედამიწა და საშველად ჩვენთვის უფალს ღა ვუხმობ.
ვლოცულობ ცრემლით
როგორც აღვიქვამ,
რაც არ ვიცი და რაც ვიცი ლოცვა,
უნდა გადავრჩეთ-უნდა ვიცოცხლოთ -უნდა დასრულდეს ამდენი
გლოვა”. /ნინია ბერიძე/