სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გაითვალისწინა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითი აჩვენა.
„პირველ ყოვლისა, მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ასევე, მინდა, ჩემი სამძიმარი გამოვთქვა იმ ოჯახებისთვის, რომლის წევრები და დღეს ახალი შემთხვევა მოხდა გარდაცვალების, ამ ეპიდემიას ემსხვერპლნენ. ასევე, ნება მომეცით, რომ კიდევ ერთხელ მოვახსენო მადლობა ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკები და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითი აჩვენა. ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს, ერთი მხრივ, მთავრობის დროული და ეფექტური ნაბიჯებისა და, მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.