გურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ, პირველ ყოვლისა, საუბარია ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე
“ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, მაგრამ, პირველ ყოვლისა, საუბარია ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ეფექტიანად იმუშავა.
როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება.
„აქამდე რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული, იყო საკმაოდ ეფექტიანი. ყველა ეს შეზღუდვა ჩვენი ინფექციონისტების,ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების კონსულტაციების საფუძველზე იყო მიღებული. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ჩვენი ჯანდაცვის საზოგადოების წარმომადგენლობასა და მათ კონსულტაციებს. მთავრობას უშუალოდ მათთან კონსულტაციების გარეშე შეზღუდვებთან დაკავშირებით არცერთი გადაწყვეტილება მიუღია. ასევე, იცით, რომ საკოორდინაციო საბჭო არსებობს.
ეკონომიკური გეგმაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, პარალელურად მიმდინარეობს, მაგრამ, პირველ ყოვლისა, საუბარია ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ჩვენთან, საბედნიეროდ, ერთი ადამიანის გარდაცვალებას,სამწუხარო ფაქტის გამოცხადებას სპეციალური პრესკონფერენციები ეთმობა. ორ თუ სამ კვირაში ერთხელ ხდება ეს მაშინ, როცა მსოფლიოში იცით, რომ რამდენიმე ასეულს ითვლიან ყოველდღე. უხარიათ ის, რომ 500-ის მაგივრად დღეში იყო 480 გარდაცვალება. ხომ წარმოგიდენიათ, რა სიტუაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ ზომებს ნელ-ნელა, ეტაპობრივად არ შევინარჩუნებთ და შემდგომში ნელ-ნელა არ მოვხსნით, ჩვენ საუბარი ეკონომიკაზე კი არ გვექნება, არამედ საუბარი გვექნება, სამწუხაროდ, იმაზე, თუ რამდენი ასეული ადამიანი დაინფიცირდება და რამდენი გარდაიცვლება.
პრაქტიკულად, ნაბიჯები გადადგმულია, როგორც იცით. ეკონომიკური გეგმა არსებობს, თანხები მობილიზებულია როგორც შიდა, ბიუჯეტური, ასევე – საერთაშორისო ორგანიზაციებში 3 მილიარდ დოლარამდე. შეიძლება, იყოს შენიშვნები და კრიტიკა, მაგრამ ის, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრელობის ხარჯზე შენ პოლიტიკური მანიპულაცია განახორციელო, მათ პოლიტიკურ სინდისზე იყოს, რომელშიც ჩვენ ვერ ჩავერევით, ამას საზოგადოება თავად გასცემს პასუხს.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას – ეს, რა თქმა უნდა, 10 მაისამდე გაგრძელდება. შეზღუდვებმა იმუშავა. მე გახლავართ მაჟორიტარი დეპუტატი და დავდივარ ხალხში, ძალიან ახლო კომუნიკაცია მაქვს და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უმრავლესობა ემხრობა, მათ შორის, სატრანსპორტო შეზღუდვებს. ის, რომ ამ შეზღუდვებმა დღემდე ეფექტიანად გაამართლა, ფაქტია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე