“მაქსიმალურად ვეცადოთ, 853 პაციენტი ერთდროულად არ გახდეს სისტემისთვის სამკურნალო კოვიდის მიზნებისთვის”
“თუ ჩვენ ხელიდან გავუშვით ის ბერკეტები, რაც ეპიდემიის შეკავების საშუალებას გვაძლევს, შესაძლოა, ძალიან მალე ორ-სამ კვირაში ვისაუბროთ 2 500 შემთხვევაზე, კიდევ ორ კვირაში – 5 000 შემთხვევაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეპიდემიის პრევენციისთვის რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
“ძალიან კარგი შანსი გვაქვს იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიის პიკური და სწრაფი გავრცელება, მაგრამ თუ არ გამკაცრდა ეპიდემიის კონტროლისთვის დისტანცირების ზომები და არ დავიცავით რეკომენდაციები ზედმიწევნით კარგად, რა თქმა უნდა, ის რისკები, რომ ეპიდემიის გავრცელება მიიღებს სწრაფ და ფართო ხასიათს, არის სრულიად თვალსაჩინო.
თუ ჩვენ ხელიდან გავუშვით ის ბერკეტები, რაც ეპიდემიის შეკავების საშუალებას გვაძლევს შესაძლოა, ძალიან მალე ორ-სამ კვირაში ვისაუბროთ 2 500 შემთხვევაზე, კიდევ ორ კვირაში 5 000 შემთხვევაზე – ეს საშუალო გავრცელების შემთხვევაში და თუ უფრო მაღალი გავრცელება იქნა რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ციფრებიცაა მოსალოდნელი.
853 პაციენტი სისტემაში ერთდროულად რომ მოხვდება ეს სისტემას მთლიანად ბლოკავს. მაქსიმალურად ვეცადოთ 853 პაციენტი ერთდროულად არ გახდეს სისტემისთვის სამკურნალო კოვიდის მიზნებისთვის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.