ადვოკატები: ბევრი კერძო სკოლის ხელმძღვანელი იქცევა უსინდისოდ, ზოგ შემთხვევაში, გაზრდილი გადასახადის გადახდას ითხოვენ და მშობლების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებას იჩენენ
“ბევრი კერძო სკოლის ხელმძღვანელი იქცევა უსინდისოდ, ზოგ შემთხვევაში, ითხოვენ გაზრდილი გადასახადის გადახდას, ასევე, წინსწრებით ითხოვენ მომდევნო სასწავლო წლის გადასახადის ნაწილის გადახდას, მშობლების მიმართ იჩენენ ცინიკურ დამოკიდებულებას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ შეღავათს აკეთებენ, რომელიც სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია”, – ამის შესახებ იურიდიული კომპანია GSCC ადვოკატებმა – გიგი სისვაძემ და ლელა სახამბერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ განუცხადეს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მშობლები სკოლის ხელმძღვანლებს სწავლის გადასახადის შემცირების თხოვნით მიმართავენ, რაზეც, უმეტეს შემთხვევაში, იღებენ ცინიკურ პასუხს, რომ თუ გადასახას ვერ იხდიან, ბავშვები საჯარო სკოლაში გადაიყვანონ.
მათივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ადვოკატები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, ასევე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს აცნობებენ.
„განათლება არის საერთაშორისო კონვენციებითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლება, არავის შეუძლია ამ უფლების შეზღუდვა, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როცა ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რაც წარმოადგენს დაუძლეველ ძალას (ფორსმჟორი) და სახელშეკრულებო ვალდებულებებში საპატიო მიზეზად მიიჩნევა ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. თუ რომელიმე სკოლა დაარღვევს ამ კონსტიტუციურ ფუნდამენტალურ უფლებას, იგი უმკაცრესად აგებს პასუხს თითოეული მოსწავლის მიმართ როგორც მორალური, ისე – მატერიალური თვალსაზრისით.
ჩვენ გვესმის, რომ თუ ამ მოცემულობაში გადახდაზე უარს ვიტყვით, სკოლა იძულებული გახდება, შეწყვიტოს ფუნქციონირება, რაც ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. მიზანი გახლავთ გაწეული მომსახურების პროპორციული ანაზღაურების განსაზღვრა სიტუაციის დასტაბილურებამდე.
როგორც დგინდება, რამდენიმე კერძო სასწავლებელმა მშობლების ინიციატივის დაყენებამდე მოახდინა ყოველთვიური გადასახადის შემცირება 50%-ით, რაც გონივრული, სამართლიანი და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილებაა.
სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი კერძო სკოლის ხელმძღვანლები, რომლებიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ, იქცევიან უსინდისოდ, ზოგ შემთხვევაში, ითხოვენ გაზრდილი გადასახადის გადახდას და მშობლების მიმართ იჩენენ ცინიკურ დამოკიდებულებას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ შეღავათს აკეთებენ, რომელიც სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია.
ვაცნობებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, ასევე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს. გარდა ამისა, საჯაროდ გახდება ცნობილი იმ მაღალი რეპუტაციის მქონე კერძო სასწავლებლების შესახებ, რომელთაც არათუ შეამცირეს გადასახადი, გამოიჩინეს ცინიკური დამოკიდებულება და მორალურად გაუმართლებელი საქციელი, რაც, საბოლოოდ, აღნიშნულ სასწავლებლების აკრედიტაციის საკითხს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აცხადებენ ადვოკატები.
მისივე თქმით, ბევრი მშობელი თავისი პოზიციის საჯაროდ გახმაურებისგან თავს იკავებს იმ ვარაუდით, რომ შემდგომში მისი შვილის მიმართ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რაიმე სახის შევიწროებას სკოლის მხრიდან.
„ასეთ სკოლებს მოგიწოდებთ, დროულად მოეგოთ გონს, ვიდრე თქვენს ვირტუალურ გაკვეთილებთან მარტო არ დარჩენილხართ. არ ვაპირებთ თავის მოტყუებას, სიმღერის, სპორტის, სასცენო ხელოვნებისა და სხვა საგნების ვირტუალურ სივრცეში სწავლება არ გახლავთ ის, რაშიც ჩვენ ამხელა ფულს ვიხდით.
მშობლებო, იმის გამო, რომ თქვენ დაკარგეთ შემოსავალი, ნუ გამოიყვანთ ბავშვებს სკოლიდან, რადგან სკოლას არ აქვს უფლება, შეუწყვიტოს ბავშვს განათლების უფლება საგანგებო მდგომარეობის ვადით. და თუ ისინი ასეთ ქმედებას მაინც ჩაიდენენ, უმკაცრესად დაისჯებიან და ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში“, – განმარტავენ ადვოკატები.
თამუნა შეყილაძე