ეკატერინე ტიკარაძე: საჩხერის საავადმყოფოს ექიმისთვის კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე დადგენამ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოახდინა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საჩხერის საავადმყოფომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაიდლაინის გამოყენება გადაწყვიტა, რის შედეგადაც მოხდა კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის დიაგნოსტიკა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამან მედპერსონალსა და მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოახდინა.

ჯანდაცვის მინისტრმა ამისთვის საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე, მის ხელმძღვანელს​ მადლობა გადაუხადა.

„ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს როგორც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ასევე, მედპერსონალის მაღალკვალიფიციურ და მაღალ შეგნებასთან, რის გამოც მათ სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან მიწოდებული გაიდლაინის მყისიერად გამოყენება გადაწყვიტეს. ეს იმ შედეგის მომცემი აღმოჩნდა, რომ პირველ ტალღასა და ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის ინფიცირების დიაგნოსტირება, რამაც თავიდან აგვაცილა ვირუსის გავრცელება მედპერსონალსა და, ასევე, მოსახლეობაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი როგორც საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე – მის ხელმძღვანელს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ საჩხერის საავადმყოფოში უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება.

„თქვენ იცით, რომ საჩხერის საავადმყოფო, ისევე, როგორც საჩხერის სასტუმრო, პირველივე დღეებიდან ჩართულნი არიან კოვიდინფექციის მართვაში. საწყისად გამოყენებული იყო, როგორც საკარანტინო ზონა და ჩაერთო კოვიდის მართვაში სტაციონარიც.

საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება დეფიციტი პირადი, უსაფრთხოების აღჭურვილობის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები