“პაციენტმა მოულოდნელად გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა და მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია” – სამედიცინო ბრიგადამ შუახნის მამაკაცის სიცოცხლე იხსნა

“სასწრაფო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალის 0535-მა ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით – „ზოგადი სისუსტე“, – ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” წერს.

‘ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს შუახნის მამაკაცი დახვდათ ფერმკთალი, ძლიერი სისუსტით. ექიმი მარიამ ჩხაიძე იხსენებს, რომ პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა კარდიოგრამის გადაღება, სადაც ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა დაფიქსირდა და დაუყოვნებლად დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, ხოლო ცენტრალური სადისპეტჩეროს მიერ მიმდინარეობდა შესაბამისი პროფილის სტაციონარის შეთანხმება.

ექიმის თქმით, პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ მოულოდნელად გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა და მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია.

დროულად დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, აღდგა სინუსური რითმი, თუმცა რამდენიმე წუთში, განმეორდა გულის გაჩერება და ისევ ასისტოლია დაფიქსირდა მონიტორზე.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის პროფესიონალიზმის შედეგად, კვლავ წარმატებით მოხდა გულის მუშაობის აღდგენა. სამაშველო სამსახურის დახმარებით, მამაკაცი ნათელი ცნობიერებით და სტაბილური სასიცოცხლო მაჩვენებლებით მოთავსდა სასწრაფო დახმარების მანქანაში.

კლინიკაში შესვლისას, მამაკაცმა ისევ შეუძლოდ იგრძნო თავი, დაკარგა გონება, განვითარდა ასისტოლია. სასწრაფო დახმარებისა და კლინიკის ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ისევ მოხერხდა გულის მუშაობის მესამედ აღდგენა.

პაციენტს კლინიკაში ჩაუტარდა კვლევები. აღმოჩნდა, რომ ჰქონდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და რამდენიმე წლის წინ გაკეთებული შუნტირება. შესაბამისი მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამჟამად თავს გრძნობს კარგად და მალე გაეწერება ბინაზე”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები