ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ეკონომიკური ვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება კორონავირუსის ქცევა
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ეკონომიკური ვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება კორონავირუსის ქცევა.
ამის შესახებ მჭედლიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში არსებული ცუდი სიტუაციაა ლარის კურსზეც აისახება.
„ზოგადად, ეკონომიკური ვითარება საკმაოდ რთულია იქედან გამომდინარე, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება და ის, თუ რა მასშტაბის იქნება, არავინ იცის. რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.
აქედან გამომდინარე, მსოფლიოსა და საქართველოში ეკონომიკური ვითარება დამოკიდებულია იმაზე, ვირუსის ქცევა როგორი იქნება და როგორ შევძლებთ მის შეკავებასა და აღმოფხვრას მთლიანად.
ასეა თუ ისე, ჩვენ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი ვართ. შეიძლება, ისეთი ინტეგრირებული არ ვართ, როგორც აშშ და სხვა დიდი ეკონომიკის ქვეყნები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ლარის გაუფასურებას და ეს არის ამის ანარეკლი. იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ცუდი სიტუაციაა ჩვენთანაც, ლარის კურსზეც აისახება ეს სიტუაცია. ჩვენ უკვე აღარ გავქვს დოლარის შემოდინება ტურისტებისაგან, ძალიან რთულია იმის გარკვევა, როგორი იქნება ჩვენი ექსპორტი. ამიტომ, დოლარის გამყარება ლარის მიმართ და ასეთი აჟიოტაჟი, ეს არის ამ ცუდი მოლოდინების შედეგი. დარწმუნებული ვარ, როცა ეს ვირუსი გაივლის, ყველაფერი დაუბრუნდება საწყის წერტილს. მაგრამ როდის დაუბრუნდება ამას ვერ გეტყვით”, – განაცხადა მჭედლიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.
შეგახსნებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0807 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0807 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0689 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს – მისი კურსი 3.3974 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.3684
ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0290 ლარი შეადგინა.
თამუნა შეყილაძე