პოლიტოლოგები და ექსპერტები – უჩვეულო დაცულობის გრძნობაა, როცა ხედავ, რომ შენი ხელისუფლება კრიზისს უმკლავდება

პოლიტოლოგები და ექსპერტები კორონავირუსის პრევენციისთვის და ეკონომიკის მხარდამჭერი ღონისძიებების გატარებისას ხელისუფლების მუშაობას პოზიტიურად აფასებენ.

როგორც პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს, ეკონომიკის დახმარებისა და სტიმულირების კარგი გეგმა წარმოადგინა მთავრობამ, უჩვეულო დაცულობის გრძნობაა, როცა ხედავ, რომ შენი ხელისუფლება კრიზისს უმკლავდება.
„ეკონომიკის დახმარებისა და სტიმულირების კარგი გეგმა წარმოადგინა მთავრობამ. უჩვეულო დაცულობის გრძნობაა, როცა ხედავ, რომ შენი ხელისუფლება კრიზისს უმკლავდება. ჯერჯერობით, ასეა. იმედი ვიქონიოთ, რომ უკუსვლა არ იქნება“, – წერს ხათუნა ლაგაზიძე.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს: „მოუსმინეთ პრემიერს, ვისაც გაინტერესებთ რა ზომებს ატარებს მთავრობა. საკმაოდ ქმედითი ნაბიჯებია. ვეთანხმები. ვაკვირდები, რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში, რა ბრიფინგებს მართავენ, რა ზომებს იღებენ. მგონი, უფრო აპანიკებენ საკუთარ ხალხს. დღეს ვრცელი ინტერვიუ მივეცი ამ თემაზე, როცა გამოქვეყნდება, დავდებ“, – წერს ამირან სალუქვაძე.

პროფესორი ლადო პაპავა მთავრობის ეკონომიკური სტიმულირების გეგმას დადებითად აფასებს. როგორც პაპავამ “ინტერპრესნიუსს” საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გამორიცხული არაა, სამომავლოდ დამატებითი ზომების მიღება გახდეს საჭირო.

“მთავრობის გეგმას, რომელიც დღეს მოვისმინეთ დადებითად ვაფასებ. პრაქტიკულად ეს გეგმა არის ზუსტად ის, რაც ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკას სჭირდება. კრიზისი, რომელიც ახლა გლობალური ხასიათისაა განაპირობა არა იმდენად ეკონომიკამ, რამდენადაც თვითონ პანდემიამ, ამიტომ იმის ბოლომდე პროგნოზირება, რა მოხდება ეკონომიკაში შეუძლებელია. ამ ეტაპზე ის პრევენციული ზომები, რომლებიც მთავრობამ შეიმუშავა მისასალმებელია. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე ეკონომიკური გუნდის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს ყველაფერზე რისი თქმაც მათი მხრიდან აუცილებელი იყო, ისინი კომუნიკაციას არ მოერიდნენ და კარგი იქნება თუ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც მიბაძავს მთავრობას, რომ მაქსიმალურად კომუნიკაცია დაამყაროს საზოგადოებასთან” ,-აღნიშნა პაპავამ.

მისივე თქმით, დღეს სოლიდარობა ყველაზე მთავარია.

ლადო პაპავა ასევე დადებითად აფასებს ფონდ “ქართუს” მზაობას, რომ მთავრობის დასახმარებლად ფინანსური რესურსი გამოყოს.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკაზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად შეიმუშავა. გეგმის თანახმად, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე მცირე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით, წლის ბოლომდე ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი. სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. 2020 წელს დაგეგმილი დღგ-ს დასაბრუნებელი თანხა-600 მილიონი ლარი, გაორმაგდება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. ფიზიკური პირები კი აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში სესხის მომსახურეობის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები