საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში, გარდა იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეებისა, თვითიზოლაციაში გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული პირები არიან.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, თვითიზოლაციის დაცვის წესებს რეგულარულად ახორციელებენ.
“ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 68 ადამიანია რეგიონში. პირები გაფრთხილებულები არიან წესების შესახებ და დარღვევის ფაქტებიც ამ ეტაპზე არ ფიქსირდება”, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.
დღეიდან, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი რჩება.