თეთრი სახლი: თუ კორონავირუსით დაინფიცირებულთა ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა, შესამოწმებელი ტესტები არ გვეყოს

თეთრი სახლის განცხადებით, თუ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა, ქვეყანას ვირუსის შესამოწმებელი ტესტები არ ეყოს.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ამ კვირაში ერთი მილიონი შესამოწმებელი ტესტის ჩამოტანას ვერ შეძლებს.

მისივე თქმით, შემდეგი კვირის ბოლოსთვის, აშშ-ის მთავრობის ძალისხმევით, 1.2 მილიონი ამერიკელი შეძლებს, გაიაროს ტესტი კორონავირუსზე.
ამავდროულად, აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 8.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას კორონავირუსთან საბრძოლველად. დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს.

ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 12-ს შეადგენს. დაინფიცირების 233 შემთხვევა გამოვლინდა ქვეყნის 20 შტატში. საკრუიზო გემი the Grand Princess რჩება კალიფორნიის სანაპიროზე, სანამ ყველა მგზავრს არ შეამოწმებენ კორონავირუსზე. გემის მგზავრთა შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიაში კორონავირუსისგან დაიღუპა მამაკაცი, რომელიც წინა თვეში საკრუიზო მოგზაურობაში იყო სან ფრანცისკოსა და მექსიკას შორის. გემზე, დაახლოებით, 3.500 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები