ნათია თურნავა: სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოვიზიდოთ ინვესტიციები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ინვესტიციებისა და ინვესტორების მოზიდვაზე. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოვიზიდოთ ინვესტიციები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია უკვე შეხვდა ყატარის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრს, ასევე ყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს.
შეხვედრებზე გამოიხატა მნიშვნელოვანი დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, სამშენებლო სექტორის და სასტუმრო ინდუსტრიის მიმართ. გარდა ამისა, ყატარის მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს დიდი ინტერესი, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის საპორტო – სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა ყატარის ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრსა და კორპორაცია „Qatar Petroleum“ – ის აღმასრულებელ დირექტორთან, აგრეთვე „Qatar Mining“ – ის აღმასრულებელ დირექტორთან და ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.