გიორგი კახიანი: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და ოპოზიციის მხრიდანაც ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს

ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად ნაბიჯი გადადგა და ოპოზიციის მხრიდანაც შემხვედრ ნაბიჯს ელოდება.

„გნებავთ ოდირის დასკვნა, გნებავთ კონგრესმენების წერილები, მათში საერთო არის ის, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლების მიმართ და ,მეორე მხრივ, ოპოზიციის მიმართ არის თხოვნა თუ მოწოდება, რომ ჩვენ შეთანხმებით, კონსენსუსის მიღწევით კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე შევჯერდეთ და ამ მოდელის შესაბამისად ჩავატაროთ არჩევნები. ჩვენ ამ მიმართულებით ვაკეთებთ ყველაფერს და ამის დასტურია თუნდაც ის ინიციატივა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული ოპოზიციის მოთხოვნების სასარგებლოდ. საწყისი წერტილია ის, რომ ერთი მხრივ გვაქვს შერეული სისტემა, რომელიც მოქმედებს და ამის მიხედვით ჩატარდება არჩევნები, თუ რაიმე არ შევცვალეთ. ანუ გვაქვს 77/73-ზე სისტემა და, მეორე მხრივ, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნები. მოწოდება შეთანხმებისკენ გულისხმობს, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. არ შეიძლება ეს მოწოდება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მხოლოდ ხელისუფლებამ დათმოს ყველაფერი, ოპოზიცია კი გაჯიუტდეს და ბოლომდე მოითხოვოს ის, რაც მათთვისაა მისაღები. ჩვენ ამ თვალსაზრისით ნაბიჯი გადავდგით და მათი მხრიდანაც ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები